ნიკოლ ფაშინიანის მომხრეებმა ერევანსა და სხვა ქალაქებში სასამართლოების შენობების შესასვლელები დაბლოკეს
ნიკოლ ფაშინიანის მომხრეებმა ერევანსა და სხვა ქალაქებში სასამართლოების შენობების შესასვლელები დაბლოკეს

სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის მოწოდების შემდეგ მისმა მომხრეებმა ერევანსა და სხვა ქალაქებში სასამართლოების შენობების შესასვლელები დაბლოკეს.

როგორც გამოცემა „ნიუს.ამი“ წერს, დემონსტრანტები დგანან უმაღლესი სასამართლო საბჭოს შენობის შესასვლელში. რამდენიმე ადამიანს ასევე გადაკეტილი აქვს საკონსტიტუციო სასამართლოს შესასვლელი.

მანამდე პრემიერ-მინისტრმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ რევოლუციის მეორე და ყველაზე მთავარი ეტაპის დაწყება დააანონსა. ფაშინიანის ცნობით, რევოლუციის მომდევნო ეტაპი სასამართლო სისტემის რეფორმირებისკენ არის მიმართული. მან მოუწოდა მომხრეებს, დილის 08:30-დან გადაეკეტათ სომხეთის ყველა სასამართლო შენობის შესასვლელი და გასასვლელი.

თავის მხრივ, სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარქსიანმა მოუწოდა მოქალაქეებს სიმშვიდის კონსტიტუციისა და კანონის დაცვისკენ. პრეზიდენტის განცხადებით, დემოკრატიული პროცესები შეუქცევადია და არავის უნდა ეპარებოდეს ამ პროცესებში ეჭვი.

რევოლუციის მეორე ეტაპის დაწყების შესახებ ნიკოლ ფაშინიანმა მას შემდეგ გამოაცხადა, რაც სომხეთის სასამართლომ ყოფილი პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. სომხეთის გენერალური პროკურატურა სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს. რობერტ ქოჩარიანი სომხეთს 1998 წლიდან 2008 წლამდე მართავდა. ქვეყნის ყოფილ ლიდერს კონსტიტუციური წესრიგის დამხობაში სდებენ ბრალს.