ნიკოლ ფაშინიანი - ყარაბაღის კონფლიქტი მოლაპარაკებებით უნდა მოგვარდეს, მაგრამ აზერბაიჯანი კვლავ საომარ რიტორიკას იყენებს
ნიკოლ ფაშინიანი - ყარაბაღის კონფლიქტი მოლაპარაკებებით უნდა მოგვარდეს, მაგრამ აზერბაიჯანი კვლავ საომარ რიტორიკას იყენებს

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი უნდა მოგვარდეს მოლაპარაკებების გზით, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, აზერბაიჯანი საომარ რიტორიკას და ძალას იყენებს.

„ასეთ ატმოსფეროში პრობლების რეალურ მოგვარებაზე საუბარი შეუძლებელია. ჩვენ მოვუწოდებთ და ვთხოვთ საერთაშორისო თანამეგობრობას, გააკეთონ ყველაფერი, რათა აზერბაიჯანი კონსტრუქციული გახდეს და ბაქომ აღარ გამოიყენოს აგრესიული, საომარი რიტორიკა. რა თქმა უნდა. სომხეთი მზადაა, თავი დაიცვას, მაგრამ ჩვენ მშვიდობისმოყვარე ქვეყანა ვართ და არ გვინდა ომი. თუ იქნება ომი, მზად ვართ, დავიცვათ ჩვენი ქვეყანა და არცახის რესპუბლიკა. მზად ვართ, გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები ეროვნული ინტერესების დასაცავად, მაგრამ ვთვლით, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით უნდა მოგვარდეს“, – აღნიშნა ფაშინიანმა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, სომხეთი მთიანი ყარაბაღის საკითხზე მოლაპარაკებებისთვის მზად არის.

„აზერბაიჯანთან დიალოგში სომხეთის რესპუბლიკის სახელით ჩავერთვები, მაგრამ არცახის რესპუბლიკას საკუთარი ოფიციალური წარმომადგენელი უნდა ჰყავდეს. მოლაპარაკებების სწორი ფორმატი არის ის, რომელიც არამხოლოდ აზერბაიჯანისა და სომხეთის, არამედ მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის მონაწილეობასაც ითვალისწინებს“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობას და ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას, სომხეთის პრემიერმა აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრას ევრაზიული ეკონომიკური კავშირის სამიტის ფარგლებში გეგმავს და რუსეთთან ურთიერთობების განვითარება სურს.

„ვაპირებ, მონაწილეობა მივიღო ევრაზიული ეკონომიკური კავშირის სამიტში, სადაც პუტინთან შეხვედრას ვგეგმავ. სომხეთი და რუსეთი სტრატეგიული პარტნიორები არიან. ეს ურთიერთობა უნდა განვავითაროთ და პარტნიორობა გავაღრმავოთ. ამას აუცილებლად გავაკეთებთ. გუშინ სატელეფონო საუბარი მქონდა ვლადიმერ პუტინთან. ეს იყო ძალიან კონსტრუქციული და პოზიტიური დიალოგი. დარწმუნებული ვარ, ეს დიალოგი გაგრძელდება“, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.