ნიკოლ ფაშინიანი – ვამჯობინებდი, ჩვენს რუს პარტნიორებთან არა დათმობებზე, არამედ გადაწყვეტილებებზე გვესაუბრა, სომხეთის ხელისუფლებისთვის საკუთარი ქვეყნის ინტერესები რუსეთის ინტერესებზე გაცილებით მაღლა დგას

18:50, 26.11.2026

ვამჯობინებდი, ჩვენს რუს პარტნიორებთან არა დათმობებზე, არამედ გადაწყვეტილებებზე გვესაუბრა, – ასე უპასუხა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივებსა და ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში სომხეთის წევრობის გარშემო შექმნილი ვითარების შესახებ დასმულ კითხვას.

ფაშინიანმა ეს განცხადება მოსკოვში დაგეგმილ ვიზიტამდე ერთი კვირით ადრე გააკეთა. სომხეთის პრემიერ-მინისტრი რუსეთის დედაქალაქს 3 დეკემბერს ეწვევა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდება.

ფაშინიანის თქმით, ოფიციალური ერევნის პოზიცია იმაში მდგომარეობს, რომ მხარეებმა ერთმანეთს არანაირი ზიანი არანაირი ფორმით არ უნდა მიაყენონ. ნიკოლ ფაშინიანმა შეუძლებლად მიიჩნია სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ კანონის გაუქმება.

„ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს. პირველი მიზეზი არის ის, რომ კანონი სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივით მიიღეს. ანუ ეს არ ყოფილა კანონი, რომელიც მოქმედი მთავრობის ან პირთა ვიწრო წრის ინტერესებიდან გამომდინარე მიიღეს. მეორე – გაიმართა დისკუსია, რომლის ფარგლებშიც ამ კანონმა და დისკუსიამ სომხეთის მოქალაქეების დადებითი გამოხმაურება დაიმსახურა. მოქალაქეთა უმრავლესობამ ამ კანონს მხარი დაუჭირა. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ მიმდინარეობს პროცესები, რომელთა განვითარებაც უნდა გაგრძელდეს“, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

ამავდროულად, ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, რომ სომხეთს არავითარ შემთხვევაში არ სურს ზიანი მიაყენოს რუსეთსა და მის ინტერესებს. თუმცა, როგორც ფაშინიანმა აღნიშნა, მისთვის და სომხეთის ხელისუფლებისთვის საკუთარი ქვეყნის ინტერესები რუსეთის ფედერაციის ინტერესებზე გაცილებით მაღლა დგას.

მსგავსი