ნიკოლ ფაშინიანი – სტეპანაკერტის აღების შემთხვევაში, ყველაფერს დავკარგავდით
სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი „ფეისბუქის“ საშუალებით მთიან ყარაბაღში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს.
„ჩვენ შეგვექმნა სიტუაცია, როდესაც სტეპანაკერს პირდაპირი საშიშროება ემუქრებოდა. სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბისა და არცახის პრეზიდენტის შეფასებით, ის ძალიან სუსტად, სიმბოლურად იყო დაცული. სტეპანაკერტის აღების შემთხვევაში, ათასობით ჩვენი ჯარისკაცი ალყაში აღმოჩნდებოდა. შედეგად, ჩვენ დავკარგავდით ყველაფერს, რაც ამ დოკუმენტით იქნა დაფიქსირებული“, – განაცხადა ფაშინიანმა.
ნიკოლ ფაშინიანის თქმით, ომის გაგრძელების შემთხვევაში, სტეპანაკერტი და ასკერანი დაუცველი იქნებოდა, მარტუნის დაცვა კი, ძალიან არასტაბილური. მისივე განცხადებით, ომი რომ არ შეეჩერებინათ, მაღალი იყო შესაძლებლობა, ალყაში აღმოჩენილიყო მათი მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე და შესაძლოა, მეექვსე და მეშვიდე რაიონებიც, ამ შემთხვევაში კი, ათასობით ჯარისკაცის სიცოცხლე საფრთხის წინაშე აღმოჩნდებოდა.
პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის მიერ, ქალაქ შუშაზე კონტროლის მოპოვების შემდეგ, ტერიტორიის დაბრუნების მცდელობა ორჯერ ჰქონდათ, თუმცა ორივე წარუმატებელი აღმოჩნდა.
ასევე, ნიკოლ ფაშინიანი ეხმაურება პარტია „აყვავებული სომხეთის“ ლიდერ გაგიკ წარუკიანის განცხადებას ღალატთან დაკავშირებით, რომელიც შუშას აღებას ეხება. ნიკოლ ფაშინიანის თქმით, მან მთიან ყარაბაღში რუსი სამხედროების განთავსებაზე მზადყოფნის შესახებ ჯერ კიდევ 22 და 25 ოქტომბერს განაცხადა. შესაბამისად, 28 ოქტომბერს, როგორც ამას წარუკიანი ირწმუნება, ის ვერ შეძლებდა მათი განთავსების წინააღმდეგ გამოსულიყო. ნიკოლ ფაშინიანმა ასევე შეახსენა მოქალაქეებს, რომ როდესაც გაგიკ წარუკიანმა სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა, განაცხადა, რომ მოხალისეთა დანაყოფს ჩამოაყალიბებდა, თუმცა შუშას მისადგომებთან წარუკიანი და მისი მოხალისეთა დანაყოფი არავის უნახავს. პრემიერის აზრით, ასეთი შენაერთის არსებობის შემთხვევაში, შესაძლოა, მებრძოლთა ოდენობა საკმარისი აღმოჩენილიყო და შუშა არ დაცემულიყო.