ნიკოლ ფაშინიანი - სომხურ-ქართული ურთიერთობები გარე ზეწოლის გარეშე უნდა ვითარდებოდეს
ნიკოლ ფაშინიანი - სომხურ-ქართული ურთიერთობები გარე ზეწოლის გარეშე უნდა ვითარდებოდეს

საქართველოსთან ურთიერთობებს სომხეთისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. სომხური მედიის ცნობით, ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

სომხეთის მთავრობის მეთაური იმედოვნებს, საქართველოში შეამჩნიეს, რომ მისი გაპრემიერების შემდეგ საქართველოსა და სომხეთს შორის ურთიერთობები განსაკუთრებული სითბოთი, ორივე მხარისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე გულწრფელი ნდობით აღსავსე დიალოგით ვითარდება.

„საქართველოსთან ურთიერთობებს სომხეთისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. შემთხვევით არ იყო, რომ საზღვარგარეთ ჩემი პირველი ვიზიტი საქართველოში შედგა. კონტაქტების დინამიკა და ამჟამინდელი ვიზიტიც იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოც სომხეთთან ურთიერთობებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს“, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

როგორც ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, დღეს ერევანში მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები შედგა. მხარეებმა კვლავ დაადასტურეს ურთიერთობების მაღალი დონე და მათი განვითარების მზადყოფნა, განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგის მრავალი საკითხი.

„ჩვენი დღის წესრიგი იმდენად დატვირთულია, რომ ერთი შეხვედრის ფარგლებში ყველა საკითხის განხილვა შეუძლებელია“, – განაცხადა სომხეთის პრემიერმა.

ფაშინიანის თქმით, მხარეებმა მთავრობათაშორისი კომისიის სხდომის გამართვის მნიშვნელობაზეც ისაუბრეს და ორმხრივი შეთანხმებების სწრაფი შესრულების იმედი გამოთქვეს.

ნიკოლ ფაშინიანმა, ასევე, ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის ბიზნეს-ფორუმის გამართვის მნიშვნელობას, რაც მისი თქმით, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობებისთვის ახალ პერსპექტივებს გახსნის. განხილულ საკითხებს შორის იყო ტრანსპორტი, ენერგეტიკა და მათი როლი რეგიონულ უსაფრთხოებაში.

პრემიერ-მინისტრებმა, ასევე, ისაუბრეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხზე. რეგიონული უსაფრთხოების პრობლემებზე საუბრისას კი ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, რომ სომხურ-ქართული ურთიერთობები უნდა ვითარდებოდეს გარე ზეწოლის გარეშე.

სომხური მედიის ცნობით, შეხვედრაზე რეგიონული კონფლიქტებიც განიხილეს.

„მიგვაჩნია, რომ კონფლიქტების დარეგულირება მხოლოდ მშვიდობიანი გზებით არის შესაძლებელი საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და დებულებების საფუძველზე. დავადასტურეთ, რომ ყოველი კონფლიქტი უნიკალურია და გადაწყვეტილებები უნდა გამომდინარეობდეს მისი შინაარსიდან. სენსიტიური საკითხებისადმი გაწონასწორებული მიდგომა დავადასტურეთ “, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

დატოვე კომენტარი