სომხეთში 9 ნოემბერს დაწყებული პოლიტიკური კრიზისი დასრულებულია, – ამის შესახებ რესპუბლიკის მოედანზე გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
მისი თქმით, სომხეთში 20 ივნისს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები, ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებით, შეესაბამებოდა დემოკრატიულ სტანდარტებს და ლეგიტიმური იყო.
ნიკოლ ფაშინიანმა ყველა პოლიტიკურ პარტიას გაერთიანებისკენ მოუწოდა და დიალოგის მსურველ ყველა პოლიტიკურ ძალასთან კონსულტაციების დაწყების მზადყოფნა გამოთქვა. როგორც ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, პოლიტიკურმა მოთამაშეებმა უარი უნდა თქვან აგრესიაზე და არასაჭირო მტრობაზე, რადგან ქვეყნის წინაშე სერიოზული პრობლემები დგას.
შეგახსენებთ, რომ სომხეთში 20 ივნისს რიგგარეშე არჩევნები გაიმართა, რომელშიც ხმათა 53,92 პროცენტი მოქმედი პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის პარტიამ მიიღო. სომხეთის ექსპრეზიდენტ რობერტ ქოჩარიანის ბლოკმა მიიღო ხმების 21,04 პროცენტი, ხოლო სერჟ სარქსიანის ბლოკმა შვიდპროცენტიანი ბარიერი ვერ გადალახა, თუმცა კონსტიტუციის მიხედვით, სომხეთის პარლამენტში სულ მცირე სამი პარტია მაინც უნდა იყოს და სავარაუდოდ სარქსიანის ბლოკის წევრები მანდატებს მიიღებენ.