ნიკოლ ფაშინიანი - სომხეთს არ აქვს აზერბაიჯანზე თავდასხმის განზრახვა, მიზანი ან გეგმა და ამ გზას არ გაჰყვება
სომხეთს არ აქვს აზერბაიჯანზე თავდასხმის განზრახვა, მიზანი ან გეგმა და ამ გზას არ გაჰყვება, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა სომხურ გამოცემა „არმენპრესთან“ ინტერვიუში განაცხადა.
სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, თუ აზერბაიჯანი არ აპირებს სომხეთზე თავდასხმას, მაშინ რეგიონში ესკალაციის ალბათობა ნულის ტოლია. ფაშინიანის განცხადებით, სომხეთი არ არის შეიარაღების რბოლაში არცერთ ქვეყანასთან და იარაღს ყიდულობს მხოლოდ ქვეყნის საზღვრებისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად.
„ჯარის რეფორმა ჩვენი ლეგიტიმური უფლებაა. არის თუ არა ეს საფრთხე აზერბაიჯანისთვის? არა, რადგან ჩვენ აშკარად ვაღიარეთ და ვაღიარებთ აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს საბჭოთა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე და ჩვენ ველით, რომ აზერბაიჯანი, ისევე როგორც ჩვენ, ინტერპრეტაციის გარეშე აღიარებს სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიულ მთლიანობას, ჩვენ მიერ მიღწეული შეთანხმებების შესაბამისად და თავს შეიკავებს მუქარის პოლიტიკისგან. ფაქტობრივად, სომხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ ყოველდღიურად კეთდება მუქარის შემცველი განცხადებები. ამ პირობებში, ჩვენს რეაქციას ქვეყნის შიგნითაც კი აკრიტიკებენ, რადგან ვამბობთ, რომ არც კი განვიხილავთ 200 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ჩვენი სუვერენული ტერიტორიის ოკუპირებული ნაწილების სამხედრო გზით დაბრუნებას, ვინაიდან საზღვრის დემარკაციის საკითხზე მიღებული ინსტიტუციური გადაწყვეტილებები ამ საკითხის მშვიდობიანი, მოლაპარაკების გზით გადაჭრას შესაძლებელს ხდის. ამ ყველაფრის კონტექსტში აზერბაიჯანს შევთავაზეთ, შეიქმნას ორმხრივი მექანიზმი შეიარაღების ურთიერთკონტროლისთვის, მაგრამ აზერბაიჯანს ამ ყველაფერზე პასუხი ჯერ არ გაუცია და აზერბაიჯანის სამხედრო ბიუჯეტი სამჯერ აღემატება სომხეთის ბიუჯეტს. ამ ფონზე, სულ მცირე, უსამართლოა ჩვენი დადანაშაულება, რომ ჩვენ ვიარაღდებით“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საზღვრის სრული დემარკაციის შემდეგ, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის რომელიმე მონაკვეთზე მესამე ძალების ყოფნა საჭირო აღარ იქნება.