ნიკოლ ფაშინიანი – სომხეთისთვის საქართველოს წარმატება მნიშვნელოვანია, მათ შორის იმ კუთხითაც, როგორ აღიქვამენ ჩვენი მოქალაქეები სომხეთის ევროპულ პოლიტიკას, ევროპულ პერსპექტივებს

18:15, 03.11.2026

ჩვენ ყველა შესაძლო საშუალებით დავუჭერთ მხარს საქართველოს ევროპული მისწრაფებების განხორციელებაში, მით უმეტეს, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა, — ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ბრიუსელში, „ევრონიუსის“ მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოების სამიტზე განაცხადა.

ფაშინიანმა უპასუხა შეკითხვას: „თქვენ მონაწილეობთ Enlightenment Summit-ში სხვა ქვეყნების ლიდერებთან ერთად, რომელთა ქვეყნებიც უკვე ადგანან ევროკავშირში გაწევრიანების გზას — ზოგი მრავალი წელია, ზოგი კი შედარებით მცირე ხანია. ამ სამიტის დასრულებისას სომხეთის მხრიდან ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ერთი კონკრეტული ვალდებულების აღება რომ შეგეძლოთ, რა იქნებოდა ეს?“

ნიკოლ ფაშინიანის განმარტებით, სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ კანონის მიღებისას სომხეთის შთაგონების წყარო იყო საქართველოს მტკიცე მისწრაფება, გამხდარიყო ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი.

„გულწრფელად რომ გითხრათ, როდესაც მივიღეთ გადაწყვეტილება, მიგვეღო კანონი სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ, ჩვენთვის შთაგონების წყარო იყო ევროკავშირის გადაწყვეტილება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე და საქართველოს მტკიცე მისწრაფება, გამხდარიყო ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. ამიტომ სომხეთისთვის საქართველოს წარმატება ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის იმ თვალსაზრისითაც, როგორ აღიქვამენ ჩვენი მოქალაქეები სომხეთის ევროპულ პოლიტიკასა და ევროპულ პერსპექტივებს“, — აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა.

მსგავსი