ნიკოლ ფაშინიანი - სომხეთისა და საქართველოს მაღალი დონის შეხვედრები ცხადყოფს, რომ ჩვენს თანამშრომლობას ძალიან მდიდარი დღის წესრიგი აქვს
ჩვენს ინტერესებშია, ხელი შევუწყოთ ეკონომიკური თანამშრომლობის გარკვეული ფაქტორების გაძლიერებას, მოხდეს აზერბაიჯანთან ბლოკირებული მექანიზმის მოხსნა, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ერევანში ქართველ კოლეგასთან, ირაკლი კობახიძესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, ირაკლი კობახიძესთან დღევანდელ შეხვედრაზე ხაზი გაუსვა „მშვიდობის გზაჯვარედინის“ პროექტის მნიშვნელობას.
სომხეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ მთელ რეგიონში საქართველოს და რეგიონის ყველა ქვეყნის ჩართულობა იქნება მნიშვნელოვანი.
„სომხეთის და საქართველოს მაღალი დონის შეხვედრები და მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის წლიური შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ცხადყოფს, რომ ჩვენს თანამშრომლობას ძალიან მდიდარი დღის წესრიგი აქვს. წინა წლებში, განსაკუთრებით 2024 წელს, მნიშვნელოვანი ფაქტი მოხდა, ჩვენი მთავრობების ერთობლივი ძალისხმევის საფუძველზე ჩვენ გავაგრძელეთ ჩვენი ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის გაღრმავება ბევრი მიმართულებით. დღევანდელი სხდომის დღის წესრიგი ეხებოდა ბევრ საკითხს – ტრანსპორტს, კომუნიკაციებს, ენერგეტიკას, ტურიზმს, სოფლის მეურნეობას, გარემოს დაცვას, ჯანდაცვას, განათლებას, კულტურას, მეცნიერებას და კიდევ მრავალ საკითხს, რომელიც არსებულ და სამომავლო პროექტებს ეხება. ვაღიარებ, რომ ჩვენი ორი მოძმე ერი, მეგობრული განწყობით ძალიან კონკრეტული, ძლიერი რეალობის წინაშე იმყოფება. საქართველო და სომხეთი უპირობოდ უჭერენ მხარს ერთმანეთის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ ერთმანეთს ზრუნვით და პატივისცემით ვექცევით და ვზრუნავთ ერთმანეთის პრიორიტეტებზე, პოზიციებზე, არა მარტო არ დავუშვებთ რაიმე საზიანოს, არამედ ერთმანეთის ინტერესებსაც ვიცავთ“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
მისი თქმით, ორი ქვეყნის საზოგადოებები ძალიან ბევრ ტრადიციას იზიარებენ.
„ჩვენ გვაქვს კულტურული თუ ისტორიული ფასეულობები, რომლებიც ეფუძნება მეგობრობას, პატივისცემას. ჩვენ ვაძლიერებთ ერთმანეთის ინტერესებს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ყველა შესაძლო მიმართულებით ერთმანეთის გაძლიერებისთვის. ქართულ მხარეს ვეუბნები, რომ ჩვენს ინტერესებშია, ხელი შევუწყოთ და მოვახდინოთ ეკონომიკური თანამშრომლობის გარკვეული ფაქტორების გაძლიერება, მოხდეს აზერბაიჯანთან მიმართებით ბლოკირებული მექანიზმის მოხსნა, ხაზი გავუსვი იმ პროექტს, რომელიც შემოგვთავაზეს ჩვენი მთავრობის წევრებმა, ეს არის „მშვიდობის გზაჯვარედინი“ და, ზოგადად, საქართველოს ჩართულობა მთელ რეგიონში და ყველა ქვეყნის ჩართულობით იქნება მნიშვნელოვანი“, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.
რაც შეეხება რეგიონულ და ფართორეგიონულ თანამშრომლობას, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთი ურთიერთობების განვითარებისთვის ყველაფერს გააკეთებს.
„ჩვენ მზად ვართ, შავი ზღვის ელექტრონული წყალქვეშა კაბელის განვითარებაში მივიღოთ მონაწილეობა. მშვიდობა და სტაბილურობა მოცემულობად არ მიგვიღია. ჩვენ არსებულ მდგომარეობას რეალურად ვუყურებთ და ჩემს კოლეგას ვესაუბრე სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესზე და ხაზი გავუსვი, რომ სომხეთმა კონკრეტული რეკომენდაციები და გამოსავლის გზები შესთავაზა აზერბაიჯანს და ჩვენ ველოდებით, რომ სტრატეგიული პასუხი მოვა აზერბაიჯანიდან. ჩვენ ვუდასტურებთ ჩვენს ქართველ კოლეგას, რომ ყველაფერს გავაკეთებთ მშვიდობის გასაძლიერებლად და ასევე ვუთხარი ჩემს კოლეგას, რომ საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაიწყება ამ პროცესის შემდეგი ნაბიჯის სახით და საზღვარი ამ სამ ქვეყანას შორის იქნება სწორად გაწერილი. საქართველოს მთავრობის მეთაურთან ჩვენ გვქონდა საუბარი იმ პროცესზე, რომელიც ეხება ჩვენი ორი ქვეყნის – სომხეთ-საქართველოს საზღვრის დელიმიტაცია – დემარკაციას. ჩვენ ყველა შესაძლო ინსტრუმენტს გამოვიყენებთ, რომ ჩვენი ეკონომიკური თანამშრომლობა განვითარდეს და გაღრმავდეს“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.