ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის პრემიერ-მინისტრია
ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის პრემიერ-მინისტრია

სომხეთის პრემიერ-მინისტრად ფრაქცია „ელქის“ თავმჯდომარე  ნიკოლ ფაშინიანი აირჩიეს.

კენჭისყრა პარლამენტში გაიმართა. ფაშინიანის კანდიდატურას 59-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 42  წინააღმდეგი იყო.

ახალმა პრემიერმა მინისტრთა ახალი კაბინეტი 15 დღეში უნდა წარადგინოს.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის პოსტზე ნიკოლ ფაშინიანი დღეს ხელმეორედ წარადგინეს. ის სომხეთის საკანონმდებლო ორგანოში სიტყვითაც გამოვიდა.

ფაშინიანმა სომხეთში მიმდინარე მოვლენებს „სიყვარულის რევოლუცია“ უწოდა. გამოსვლისას მან პრემიერ-მინისტრად არჩევის შემდეგ სამომავლო გეგმებზე გაამახვილა ყურადღება.

„ჩვენ უკვე განვაცხადეთ, რომ საკადრო წმენდას არ მოვაწყობთ. მთავრობაში მომუშავე პროფესიონალების ძალისხმევის იმედი გვაქვს. ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა მათ პოლიტიკურ შეხედულებებს და პარტიულ კუთვნილებას“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

მან რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობის შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ „უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად რუსეთთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია“.

„სტრატეგიული პარტნიორობა რუსეთთან ჩვენს პრიორიტეტად დარჩება. ჩვენი ურთიერთობები უნდა დაეფუძნოს მეგობრობასა და თანაბარუფლებიანობას. რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობა სომხეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია“,  – განაცხადა ფაშინიანმა.

მისივე თქმით, სომხეთი დარჩება ევრაზიული ეკონომიკური კავშირის და „კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის“ წევრად, ამასთან, ერევანი ურთიერთსასარგებლო ურთიერთობებს განავითარებს ევროკავშირთან, აშშ-სთან, ირანთან, საქართველოსთან და ჩინეთთან.

გასულ კვირას ფაშინიანის არჩევის მცდელობა უშედეგოდ დასრულდა, რასაც სომხეთში საპროტესტო აქციების ახალი ტალღა მოჰყვა.  თუმცა შემდეგ მმართველმა „რესპუბლიკურმა პარტიამ“ პოზიცია შეცვალა.

პარლამენტში მიმდინარე სხდომის პარალელურად, რესპუბლიკის მოედანზე ოპოზიციის ათასობით მხარდამჭერია შეკრებილი.