ნიკოლ ფაშინიანი – სომხეთი ამ ეტაპზე ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მზად არ არის, მაგრამ ერევნისთვის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი ვარიანტია, ევროკავშირის წევრი გახდეს

17:32, 12.10.2026

ნიკოლ ფაშინიანის თქმით, სომხეთი ამ ეტაპზე ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მზად არ არის. ამასთან, ერევნისთვის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი ვარიანტია, რომ სომხეთის რესპუბლიკა ევროკავშირის წევრი გახდეს, – ამის შესახებ სომხეთის  პრემიერ-მინისტრმა Radio France Internationale-თან ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე, ჩაატარებდა თუ არა სომხეთი რეფერენდუმს ევრაზიული ეკონომიკური კავშირიდან გასვლის შესახებ, ფაშინიანმა უპასუხა, რომ ასეთი ნაბიჯის გადადგმამდე ჯერ სომხეთმა ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი უნდა წარადგინოს.

მისივე თქმით, სომხეთი ამ ეტაპზე მზად არ არის, ევროკავშირის წევრი გახდეს, რადგან ევროკავშირის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად ბევრი რეფორმის გატარებაა საჭირო. ფაშინიანმა ასევე აღნიშნა, რომ სომხეთის მთავრობის სტრატეგიული მიზანია ქვეყნისა და მისი ხალხისთვის ალტერნატივების შექმნა.

„ჩვენი მიზანია, რომ სომხეთის მოსახლეობამ შეძლოს, გადაწყვიტოს, დარჩება თუ არა სომხეთი ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრად, გახდება ევროკავშირის წევრი თუ არ იქნება არც ევროკავშირის და არც ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრი. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ რეფორმებს განვახორციელებთ, რათა ის ევროკავშირის სტანდარტებს შეესაბამებოდეს. ერთ-ერთი ვარიანტია, რომ სომხეთის რესპუბლიკა გახდეს ევროკავშირის წევრი. რატომ ვამბობ – ერთ-ერთი ვარიანტი? იმიტომ, რომ ევროკავშირს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება გაფართოების პოლიტიკასთან დაკავშირებით. მხოლოდ წევრობის მსურველი ქვეყნის ან ამ საკითხზე მომუშავე სახელმწიფოს სურვილი საკმარისი არ არის. დღესაც კი ევროკავშირში არსებობს განსხვავებული მოსაზრებები იმის შესახებ, უნდა გაფართოვდეს თუ არა იგი“, – თქვა ფაშინიანმა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ სომხეთს რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტის ან გაუარესების განზრახვა არ აქვს. ამასთან, მისივე თქმით, სომხეთ-რუსეთის ურთიერთობები ვერ იქნება ისეთივე, როგორც ადრე, რადგან მაშინ სომხეთი აზერბაიჯანთან კონფლიქტში იყო, ახლა კი ერევანსა და ბაქოს შორის მშვიდობაა.

„ჩვენ გვსურს ჩვენი დამოუკიდებლობის გაძლიერება, კონსოლიდაცია და განვითარება. სწორედ ამიტომ მივიღეთ დაბალანსებული საგარეო პოლიტიკა. გვინდა, რომ ჩვენს ბიზნესს ჰქონდეს ალტერნატივები ექსპორტისა და იმპორტის თვალსაზრისით. მაგალითად, ადრე სომხეთის ბენზინისა და ნავთობპროდუქტების იმპორტის ბაზარი ძალიან კონცენტრირებული იყო. ასეთ გარემოში ცვლილებები დიდ პრობლემებს გვიქმნიდა. ბოლო წლებში ნავთობპროდუქტები სომხეთში ათობით კომპანიას შემოჰქონდა და არა – მხოლოდ რამდენიმეს. ამ სიტუაციამ საშუალება მოგვცა, თავიდან აგვეცილებინა გლობალურ ბაზარზე ნავთობპროდუქტებთან დაკავშირებული კრიზისები სხვა ქვეყნებთან შედარებით“, – განაცხადა ფაშინიანმა.

მსგავსი