ნიკოლ ფაშინიანი – შეგიძლიათ, დილიდან საღამომდე იძახოთ „არწახი“, მაგრამ უნდა შეეგუოთ იმ ფაქტს, რომ აზერბაიჯანი იტყვის „ბასარკეჩარს“
შეგიძლიათ, დილიდან საღამომდე იძახოთ „არწახი“, მაგრამ უნდა შეეგუოთ იმ ფაქტს, რომ აზერბაიჯანი იტყვის „ბასარკეჩარს“ (ქალაქი ვარდენისი), – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.
ფაშინიანის თქმით, ასეთ სახელწოდებებთან დაკავშირებული დავების მოგვარება დაკავშირებულია სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერასთან და ამ საკითხების პოლიტიკური ექსპლუატაციის უარყოფასთან.
სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელის განცხადებით, სხვა სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღიარება საკუთარი დამოუკიდებლობის საერთაშორისო აღიარების აუცილებელი პირობაა.
„შეგვიძლია, ვთქვათ „არწახი“ რამდენიც გვინდა: დილით გავიღვიძოთ და ვთქვათ „არწახი“, შუადღისას – „არწახი“, საღამოს – „არწახი“, ღამით გავიღვიძოთ და ისევ ვთქვათ „არწახი“. კეთილი. მაგრამ ისინიც იტყვიან დილით „ბასარკეჩარს“, შუადღისას – „ბასარკეჩარს“, საღამოს – „ბასარკეჩარს“. შეგვიძლია ვთქვათ „არწახი“, „არწახის რესპუბლიკა“, რამდენიც გვინდა. მაგრამ ისინი იტყვიან „დასავლეთ აზერბაიჯანს“. ეს პრობლემა არ არის. გამოსავალი სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერაა და ამ საკითხების დახურვა. თუ გვსურს, რომ ჩვენს დამოუკიდებლობას ღირებულება ჰქონდეს, უნდა ვაღიაროთ სხვების დამოუკიდებლობა. დამოუკიდებლობას ერთი განსაკუთრებული მახასიათებელი აქვს: ის საერთაშორისო ეკოსისტემის ნაწილია. არცერთი ქვეყანა არ არის დამოუკიდებელი თავისთავად. იმისათვის, რომ დამოუკიდებლად იყო აღიარებული, სხვების დამოუკიდებლობა უნდა აღიარო”, – აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა.
სომხეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, მთიანი ყარაბაღის მცხოვრებლებმა თავი სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეებად უნდა იგრძნონ და სახელმწიფომ და საზოგადოებამ უნდა იმუშაონ იმაზე, რომ ისინი გაუცხოების წინაშე არ აღმოჩნდნენ.