ნიკოლ ფაშინიანი -  საზოგადოება გვეკითხება, რატომ ვრჩებით კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში? გულწრფელად გეტყვით, ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს
ნიკოლ ფაშინიანი - საზოგადოება გვეკითხება, რატომ ვრჩებით კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში? გულწრფელად გეტყვით, ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია არ არის ის მექანიზმი, რომლის იმედიც სომხეთს შეიძლება ჰქონდეს.

ბრიტანულ მედიასთან ინტერვიუში ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ არ აქვს პასუხი კითხვაზე, თუ რატომ რჩება სომხეთის რესპუბლიკა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრად.

მისი განმარტებით, ამ ორგანიზაციამ არ აამოქმედა რეაგირების მექანიზმები, როდესაც 2021 და 2022 წლებში აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მხრიდან სომხეთის საზღვრების დარღვევა მოხდა და მის მიზეზად დასახელდა ის, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრების დელიმიტაცია არ მომხდარა.

ფაშინიანის თქმით, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია არ არსებობს, როგორც მექანიზმი, რომლის იმედიც შეიძლება მის წევრებს, რუსეთს, სომხეთს და სხვებს, ჰქონდეთ.

„ეს გამომდინარეობს ამ ორგანიზაციის რეაქციიდან და ზოგიერთი წევრი ქვეყნის განცხადებიდან. ჩვენი საზოგადოება გვეუბნება: რატომ ვრჩებით კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრად? გულწრფელად გეტყვით, მე არ მაქვს პასუხი ამ კითხვაზე“, – განაცხადა ფაშინიანმა.

ამასთან, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ რუსეთი სამხრეთ კავკასიის რეგიონში მნიშვნელოვან და არსებით როლს თამაშობს.