ნიკოლ ფაშინიანი - საგარეო უსაფრთხოების ის სისტემები, რომლებშიც ჩვენ წარმოდგენილები ვართ, არაეფექტიანია
ნიკოლ ფაშინიანი - საგარეო უსაფრთხოების ის სისტემები, რომლებშიც ჩვენ წარმოდგენილები ვართ, არაეფექტიანია

ბოლო წლებში განვითარებულმა რიგმა მოვლენებმა გვაიძულა, შეგვეფასებინა, გადაგვეფასებინა სიტუაცია და გაგვეკეთებინა დასკვნები, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ქვეყნის მოქალაქეებისადმი მიმართვისას განაცხადა.

„აზერბაიჯანის მიერ სომხეთის წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმებს მივყავართ აშკარა დასკვნამდე, რომ საგარეო უსაფრთხოების ის სისტემები, რომლებშიც ჩვენ წარმოდგენილები ვართ, არაეფექტიანია სომხეთის სახელმწიფო ინტერესებისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით. ეს ჩანდა 44-დღიანი ომის დროსაც, 2021 წლის მაისისა და ნოემბრის მოვლენების დროსაც და 2022 წლის სექტემბერშიც. შესაძლებელია ამ სიის გაგრძელება“, – განაცხადა ფაშინიანმა.

სომხეთის პრემიერის თქმით, 2020 წლის დეკემბერში ყარაბაღში დასახლებების დაკავება და 60-ზე მეტი სომეხი სამხედროს ტყვედ აყვანა, ყარაბაღის სომხური მოსახლეობის დაშინება, ლაჩინის დერეფნის ბლოკირება, ასევე აზერბაიჯანის 19 სექტემბრის თავდასხმა სერიოზულ კითხვებს აჩენს ყარაბაღში რუსული სამშვიდობო ძალების მიზნებსა და მოტივებთან დაკავშირებით.

ნიკოლ ფაშინიანის თქმით, 9 ნოემბრის სამმხრივი შეთანხმების მიუხედავად, ყარაბაღში მყოფი ეთნიკური სომხები ეთნიკური წმენდის საფრთხის წინაშე დგანან. მართალია, ყარაბაღში ბოლო დღეებში ჰუმანიტარული ტვირთი ჩავიდა, თუმცა, მისი თქმით, ეს სიტუაციას არ ცვლის.

„თუ არ შეიქმნება რეალური საცხოვრებელი პირობები მთიანი ყარაბაღის სომხებისთვის მათ სახლებში და ეთნიკური წმენდისგან დაცვის ეფექტიანი მექანიზმები, იზრდება იმის ალბათობა, რომ მთიანი ყარაბაღის სომხები საკუთარი სიცოცხლის და იდენტობის გადარჩენის ერთადერთ გზად თავიანთი სამშობლოდან წასვლაში დაინახავენ. მოვლენების ასეთ განვითარებაზე პასუხისმგბელობა სრულად დაეკისრება აზერბაიჯანს, რომელიც ეთნიკური წმენდის პოლიტიკას ატარებს, და რუსულ სამშვიდობო ძალებს“, – განაცხადა ფაშინიანმა.

პრემიერის თქმით, სომხეთის მთავრობა საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობს ყარაბაღის სომხების უფლებების და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საერთაშორისო მექანიზმების ჩამოყალიბებაზე, თუმცა, თუ ეს ძალისხმევა კონკრეტულ შედეგებს არ გამოიღებს, მთავრობა ყარაბაღელ სომხებს სომხეთში მიესალმება.