ნიკოლ ფაშინიანი – რუკას თუ შევხედავთ, სამხრეთ კავკასია აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი ხიდია და ეს ჩვენი მნიშვნელოვანი უპირატესობაა, ერთად უფრო საინტერესო პარტნიორები ვიქნებით გარე სამყაროსთვის

18:19, 03.11.2026

სამხრეთ კავკასია როდესაც სხვადასხვა კონფლიქტით და უთანხმოებით გამიჯნული არ არის, უზარმაზარი სარგებელი მოაქვს სამივე ქვეყნისთვის, საქართველოსთვის, სომხეთისა და აზერბაიჯანისთვის, — ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ბრიუსელში, „ევრონიუსის“ მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოების სამიტზე ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ევროპული პოლიტიკა სომხეთისთვის მნიშვნელოვანი და გადამწყვეტია.

„საქართველომ ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსი როცა მიიღო, ეს სომხეთის რესპუბლიკისთვის ძალიან შთამაგონებელი ფაქტი იყო. ცხადია, საქართველოს ევროპული პოლიტიკა სომხეთის რესპუბლიკისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი და გადამწყვეტია. ამიტომ ჩვენს მოძმე საქართველოს ვუსურვებთ ყოველივე საუკეთესოს და წარმატებებს ევროპულ გზაზე. ჩვენ ერთად უფრო საინტერესო პარტნიორები ვიქნებით გარე სამყაროსთვის. ნებისმიერი სახის პროექტიდან გაცილებით მეტ სარგებელს მივიღებთ, თუ ერთად ვიმოქმედებთ.

ახლა რუკაზე სამხრეთ კავკასიას თუ შევხედავთ, აშკარაა, რომ ეს რეგიონი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის დამაკავშირებელი ხიდია. ეს ჩვენი მნიშვნელოვანი უპირატესობაა. როდესაც სხვადასხვა კონფლიქტით, წინააღმდეგობებითა და უთანხმოებებით ერთმანეთისგან გამიჯნული არ ვართ, ეს ხიდი სათანადოდ ფუნქციონირებს და უზარმაზარი სარგებელი მოაქვს ჩვენი სამივე ქვეყნისთვის — საქართველოსთვის, სომხეთისა და აზერბაიჯანისთვის, ასევე მთელი მსოფლიოსთვის.

ავიღოთ ცენტრალური აზია, მისთვის სარგებელი უზარმაზარი იქნება. ასევე შევხედოთ ევროკავშირს და სხვა მიმართულებებს, ეს ყველაფერი აშკარაა. იცით, უბრალოდ რუკას უნდა შევხედოთ და ყველაფერი ნათელი გახდება“, — განაცხადა ფაშინიანმა.

მსგავსი