ნიკოლ ფაშინიანი - რესპუბლიკური პარტიის ვერც ერთი წევრი სომხეთის პრემიერ-მინისტრი ვერ გახდება
ნიკოლ ფაშინიანი - რესპუბლიკური პარტიის ვერც ერთი წევრი სომხეთის პრემიერ-მინისტრი ვერ გახდება

სომხეთის ოპოზიციის ლიდერ ნიკოლ ფაშინიანის თქმით, სომხეთის მმართველი პარტიის ვერც ერთი წევრი პრემიერ-მინისტრი ვერ გახდება. ამის შესახებ ნიკოლ ფაშინიანმა ცოტა ხნის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, რესპუბლიკური პარტიის მმართველობა სომხეთში დასრულებულია.

„რესპუბლიკური პარტიის ვერც ერთი წევრი პრემიერ-მინისტრის პოსტს ვერ დაიკავებს. მმართველი პარტიის ყველა მცდელობა, როგორმე მოახდინონ მომხდარის რეგენერაცია, უშედეგო იქნება. რესპუბლიკური პარტიის მმართველობა სომხეთში დასრულებულია“, – განაცხადა ფაშინიანმა.

როგორც ფაშინიანმა აღნიშნა, მას არ სჭირდება არანაირი გარანტიები რესპუბლიკური პარტიის წევრბისგან ან მთავრობისგან, რადგან მას ხალხის ნდობა აქვს. ოპოზიციის ლიდერის თქმით, სომხეთში ძალაუფლება ახლა იმ ხალხის ხელშია, რომელიც რესპუბლიკის მოედანზე იმყოფებოდა და მათ ნებას ვერავინ შეეწინააღმდეგება.

პრესკონფერენციაზე გამოსვლისას, ფაშინიანმა სომხეთში განვითარებულ მოვლენებს „ხავერდოვანი რევოლუცია“ უწოდა. მან მთავარ ამოცანად სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარება დაასახელა. ოპოზიციის ლიდერის თქმით, ამისთვის აუცილებელი იქნება საარჩევნო კანონმდებლობაში რეფორმების გატარება.

კითხვაზე, აპირებს თუ არა პრემიერის თანამდებობის დაკავებას, ფაშინიანი ამბობს, რომ ის ამ თანამდებობას დაიკავებს, თუ შესაბამის პასუხისმგებლობას ხალხი დააკისრებს.

„ხალხს გამარჯვებას ვერავინ წაართმევს. მე არავის ვურჩევ რომ ასეთი რამ სცადოს“, – განაცხადა ფაშინიანმა.

კითხვაზე, ჰქონდა თუ არა ოპოზიციას რუსეთთან კონსულტაციები, ფაშინიანმა განაცხადა, რომ მათ არც ერთი უცხო ქვეყნის მთავრობასთან კომუნიკაცია არ ჰქონია.

„ეს არის შიდა სომხური საკითხი და გეოპოლიტიკური ქვეტექსტი ამ რევოლუციას არ ჰქონია. თუმცა ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვართ, სომხეთისა და რუსეთის, სომხეთისა და აშშ-ს, სომხეთისა და ევროკავშირის, სომხეთისა და საქართველოს მომავალ ურთიერთობებზე საუბრისთვის“, – განაცხადა ფაშინიანმა.