ოპოზიციის ლიდერი და აქციების ორგანიზატორი ნიკოლ ფაშინიანი პარტია „აყავავებული სომხეთის“ ლიდერს გაგიკ წარუკიანს შეხვდა.
ინფორმაციას თავად ფაშინიანი სოციალურ ქსელ Facebook-ის საშუალებით ავრცელებს.
„ჩვენ განვიხილეთ შიდა პოლიტიკური მდგომარეობა და ამ სიტუაციიდან გამოსავლის შესაძლო ვარიანტები. კონსულტაციები გრძელდება“, – წერს ნიკოლ ფაშინიანი.
სომხეთში საპროტესტო მოძრაობა „ჩემი ნაბიჯი“ აქციებს შუადღეს განაახლებს.
დღეისათვის დაგეგმილ აქციებს შორისაა ქუჩებისა და ხიდების გადაკეტვა. ამ მიზნით, ერევანი-სევანის გზაზე 80 სატვირთო მანქანაა მობილიზებული.
თავად ფაშინიანი მორიგ მსვლელობას ლამბადის ხიდიდან დაიწყებს.
მანამდე კი, ყველა მძღოლს მოუწოდეს, რომ დღეს 12:05 საათზე გააჩერონ ავტომობილები და 20 წუთის განმავლობაში უძრავად დარჩნენ.
რესპუბლიკის მოედანზე მიტინგი 19:00 საათზეა დანიშნული.