ნიკოლ ფაშინიანი ოპოზიციას ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას კვლავ გარკვეული პირობებით სთავაზობს
ნიკოლ ფაშინიანი ოპოზიციას ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას კვლავ გარკვეული პირობებით სთავაზობს

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ოპოზიციას ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას გარკვეული პირობებით სთავაზობს.

ამის შესახებ ნიკოლ ფაშინიანმა მხარდამჭერების მიტინგზე გამოსვლისას განაცხადა. ფაშინიანმა თქვა, რომ მის მიერ 2020 წლის დეკემბერში საპარლამენტო ოპოზიციისთვის წარდგენილი წინადადება ძალაშია და ის მზადაა, ამ პირობებით დანიშნოს ვადამდელი არჩევნები.

კერძოდ, შარშან დეკემბერში ფაშინიანის მიერ ოპოზიციისთვის წაყენებული პირობები შემდეგია: პრემიერ-მინისტრი დატოვებს თანამდებობას მხოლოდ მას შემდეგ, რაც საპარლამენტო ოპოზიცია მოაწერს ხელს მემორანდუმს, რომ ისინი საკანონმდებლო ორგანოს არ წარუდგენენ პრემიერობის სხვა კანდიდატებს, შედეგად შეიქმნება მიზეზი პარლამენტის დასაშლელად და რიგგარეშე არჩევნების ჩასატარებლად.

მაშინ ოპოზიციამ ფაშინიანის ეს წინადადება უარყო. არასაპარლამენტო ოპოზიცია ითხოვს, რომ ფაშინიანი უპირობოდ გადადგეს და რიგგარეშე არჩევნები ჩაატაროს დროებითმა მთავრობამ, რომლის ხელმძღვანელადაც ფაშინიანის ოპონენტები ვაზგენ მანუკიანს განიხილავენ.

შეგახსენებთ, რომ სომხეთში პოლიტიკური კრიზისი მას შემდეგ გამწვავდა, რაც 25 თებერვალს სომხეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბმა მთავრობის გადადგომა მოითხოვა. საპასუხოდ, პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა პრეზიდენტს მიმართა შუამდგომლობით, თანამდებობიდან გაათავისუფლოს შეიარაღებული ძალების მეთაური ონიკ გასპარიანი. სომხეთის პრეზიდენტს ეს მოთხოვნა ჯერ არ დაუკმაყოფილებია.