ნიკოლ ფაშინიანი - კმაყოფილებით მინდა აღვნიშნო, რომ მიუხედავად სიძნელეებისა, საქართველოსა და სომხეთის ურთიერთობები ხარისხობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა
ნიკოლ ფაშინიანი - კმაყოფილებით მინდა აღვნიშნო, რომ მიუხედავად სიძნელეებისა, საქართველოსა და სომხეთის ურთიერთობები ხარისხობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა

ჩვენი ქვეყნების ურთიერთობები დღეს ხარისხობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა და წარმატებები დაფიქსირდა სხვადასხვა სფეროში, – ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, საქართველოსა და სომხეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობათაშორისმა კომისიამ შექმნა იმის საუკეთესო პირობა, რომ კომისიას დღეს უკვე თავმჯდომარეობს ორი ქვეყნის ხელმძღვანელი და ესეც უპრეცედენტოა.

„გულითადად მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და სომხეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომის მონაწილეებს. პირველ ყოვლისა, მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს ქართველ კოლეგებს ტრადიციული, თბილი მიღებისთვის.

კმაყოფილებით მინდა დავაფიქსირო, რომ მიუხედავად სიძნელეებისა, დღეს ჩვენი ქვეყნების ურთიერთობები ხარისხობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა და წარმატებები დაფიქსირდა სხვადასხვა სფეროში. 2019 წელს ჩვენ საქართველოსთან ამბიციური თამასა განვსაზღვრეთ, მიზნად დავსახეთ ორმხრივი სავაჭრო ბრუნვის მოცულობის გაზრდა 1 მილიარდ დოლარამდე. კოვიდპანდემიამ შეანელა ეს პროცესი, მაგრამ ახლა, როდესაც ვსწავლობთ კოვიდის პარალელურად ცხოვრებას, წინადადება მაქვს, განვაგრძოთ ჩვენი მიზნის მისაღწევი ყველა მიმართულება და აუცილებლად მივაღწიოთ ერთ მილიარდ დოლარამდე ჩვენი ქვეყნების სავაჭრო ბრუნვას. მართალია, გვაქვს შემოთავაზება, მაგრამ უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს ძალზე ამბიციური საკითხია. ხაზი მინდა გავუსვა, რომ მართალია, მიმდინარე წლის 10 თვის ჩვენი ურთიერთვაჭრობის მაჩვენებელმა უკვე გადააჭარბა წინა სამი წლის წლიურ მაჩვენებელს, მაგრამ ჯერ შორს ვართ ერთი მილიარდის მიღწევამდე.

ეკონომიკური ურთიერთობების მთავრობათაშორისმა კომისიამ შექმნა იმის საუკეთესო პირობა, რომ კომისიას დღეს უკვე თავმჯდომარეობს ორი ქვეყნის ხელმძღვანელი, ესეც უპრეცედენტოა. მთავრობათაშორისი კომისიის ეს სხდომა ჯერ შარშან უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ პანდემიის გამო არ ჩატარდა, მაგრამ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები, როგორც ჩვენს დონეზე, ასევე დარგობრივი პასუხისმგებლობის დონეზე, ტარდებოდა დინამიურად. ჩვენი ორმხრივი დღის წესრიგი დღეს მოიცავს მრავალ სფეროს. ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობები კი ხელს უწყობს ჩვენს რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნებას, რის მნიშვნელობაზეც უკვე ისაუბრა ბატონმა პრემიერმა“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.