ნიკოლ ფაშინიანი ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე - ჩვენმა სახელმწიფოებმა, ერთმანეთს მხარი უნდა დაუჭირონ ჩვენი ქვეყნების კეთილდღეობის და განვითარების უზრუნველყოფისთვის
ჩვენმა სახელმწიფოებმა, ერთმანეთს მხარი უნდა დაუჭირონ ჩვენი ქვეყნების კეთილდღეობის და განვითარების უზრუნველყოფისთვის, – ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან პირისპირ ფორმატში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
ნიკოლ ფაშინიანის თქმით, ორ ქვეყანას შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგი ძალიან ფართოა, დაწყებული სატრანსპორტო კომუნიკაციებიდან, ენერგეტიკიდან, გაგრძელებული საგზაო ინფრასტრუქტურით.
„ღრმად პატივცემულო პრემიერ-მინისტრო, მოგესალმებით სომხურ მიწაზე. ბოლო პერიოდში, კოვიდის გამო, ჩვენი მაღალი დონის შეხვედრები შეყოვნდა ცოტა ხნით. მოხარული ვარ, რომ აღვადგენთ მაღალი დონის ურთიერთობებს. ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგი ძალიან ფართოა, დაწყებული სატრანსპორტო კომუნიკაციებიდან, ენერგეტიკიდან, გაგრძელებული საგზაო ინფრასტრუქტურით. რა თქმა უნდა, კოვიდთან ბრძოლა ჩვენი ერთობლივი დღის წესრიგის უმნიშვნელოვანესი საკითხთაგანია.
ჩვენი სახელმწიფოების პოლიტიკური ურთიერთობები მრავალმხრივია და დაფუძნებულია ჩვენი ხალხების ისტორიულ ტრადიციებზე. ვფიქრობ, დღის წესრიგში გვაქვს და უნდა განვიხილოთ რეგიონული საკითხები, ვეცადოთ, რომ შევაჯეროთ ჩვენი პოზიციები. რა თქმა უნდა, ჩვენი კავშირები გავაღრმავოთ ჰუმანიტარული, საგანმანათლებლო, კულტურული საკითხებითაც.
ჩვენმა სახელმწიფოებმა, ერთმანეთს მხარი უნდა დაუჭირონ ჩვენი ქვეყნების კეთილდღეობის და განვითარების უზრუნველყოფისთვის. კიდევ ერთხელ მოგესალმებით და დარწმუნებული ვარ, რომ დღეს, მოლაპარაკებები იქნება შედეგიანი“, – აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა.