ნიკოლ ფაშინიანი - ჰუმანიტარული კოლონის ბლოკირება კიდევ უფრო ადასტურებს შიშს, რომ აზერბაიჯანს სურს მთიანი ყარაბაღის სომხების გენოციდი
ნიკოლ ფაშინიანი - ჰუმანიტარული კოლონის ბლოკირება კიდევ უფრო ადასტურებს შიშს, რომ აზერბაიჯანს სურს მთიანი ყარაბაღის სომხების გენოციდი

ჰუმანიტარული კოლონის ბლოკირება კიდევ უფრო ადასტურებს შიშს, რომ აზერბაიჯანს სურს მთიანი ყარაბაღის სომხების გენოციდი, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, ქვეყნის მთავრობამ 26 ივლისს მიიღო გადაწყვეტილება მთიან ყარაბაღში ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნის შესახებ და 19 სატვირთო მანქანა, რომელსაც საკვები და მედიკამენტები გადაჰქონდა, სოფელ კორნიძორში, ლაჩინის დერეფნის შესასვლელთან არის გაჩერებული.

ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ჰუმანიტარულ ტვირთში არის 100 ტონა ფქვილი, 80 ტონა მაკარონი, 60 ტონა შაქარი, 40 ტონა მცენარეული ზეთი, 40 ტონა რძის ფხვნილი, 20 ტონა მარილი, 12 ტონა ბავშვის საკვები და ცხრა ტონა მედიკამენტები.

ნიკოლ ფაშინიანის თქმით, აზერბაიჯანის ქმედება, შესაძლოა, გენოციდის დანაშაულად შეფასდეს.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის საპასუხოდ, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ თუ ყარაბაღის სომეხ მცხოვრებლებს ნამდვილად სჭირდებათ ყოველდღიური საქონელი, როგორც ამას ამტკიცებენ, მაშინ ამისთვის შეუძლიათ, გამოიყენონ აზერბაიჯანის მიერ შეთავაზებული აღდამ-ხანკენდის გზა, რომელსაც ასევე დაუჭირეს მხარი საერთაშორისო პარტნიორებმა.