ნიკოლ ფაშინიანი - გვჯეროდა, რომ ჩვენი დაუცველობის შემცირების მთავარი ინსტრუმენტები ალიანსები და არმია იყო, მაგრამ ამ ფორმულამ არ იმუშავა
წინა პერიოდში ჩვენ გვჯეროდა, რომ ჩვენი დაუცველობის შემცირების მთავარი ინსტრუმენტები სამხედრო-პოლიტიკური ალიანსები და არმია იყო, მაგრამ ჩვენმა ისტორიამ აჩვენა, რომ ამ ფორმულამ არ იმუშვა არცერთ პუნქტში, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა საერთაშორისო კონფერენციაზე „ინტეგრირებული უსაფრთხოება და მდგრადობა 2025“ განაცხადა.
სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, „კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციამ“ გამოაცხადა, რომ აზერბაიჯანი მისთვის ისეთივე მოძმე სახელმწიფოა, როგორც სომხეთის რესპუბლიკა და რომ ორგანიზაცია აღიარებს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას.
„ის ფაქტი, რომ „კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაცია“ „აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის“ ქვეშ ყოველთვის მთიან ყარაბაღს გულისხმობდა, რუსეთის პრეზიდენტმა 2020 წლის 18 ნოემბერის და 17 დეკემბერის განცხადებაში დაადასტურა, რომელშიც ნათქვამია, რომ მთიანი ყარაბაღის ტერიტორია, საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით, აზერბაიჯანის ნაწილია და ყოველთვის ასეთად განიხილებოდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უსაფრთხოების ეს პირველადი კონცეფცია, სამხედრო-პოლიტიკური კავშირის კონცეფცია არ მუშაობდა მთიანი ყარაბაღის გარშემო განვითარებული მოვლენების კონტექსტში. მეორე შემთხვევა 2021 წლის მაისში მოხდა, მესამე კი – 2022 წლის სექტემბერში, როდესაც სომხეთის რესპუბლიკამ ტერიტორიული მთლიანობის დარღვევასთან დაკავშირებით ორგანიზაციას მიმართა და მან უპასუხა, რომ, როგორც ჩანს, საზღვრები არ არის გამიჯნული, ამიტომ ჩნდება კითხვა, იყო თუ არა სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე შეჭრა? და აქ, ბუნებრივია, ჩვენმა არცერთმა შემოვლითმა გზამ არ იმუშავა და ჩვენ პირდაპირ მარტივი კითხვის წინაშე დავდექით: აღიარებს თუ არა „კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაცია“ სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიულ მთლიანობას? მაგრამ ჩვენ არც კი გვქონდა დრო, რომ ამ კითხვაზე გვეპასუხა ან გვეცადა პასუხის პოვნა, როდესაც უეცრად, ჩვენთვის მოულოდნელად, კიდევ ერთი, ერთი შეხედვით წარმოუდგენელი კითხვა გაჩნდა: ვაღიარებთ თუ არა ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას? აქ ბევრი სალაპარაკოა. რა თქმა უნდა, ჩვენ ვაღიარებთ. ქვეყანას როგორ შეუძლია, არ აღიაროს თავისი ტერიტორიული მთლიანობა, მაგრამ რა სახის ტერიტორიული მთლიანობაა ეს, რომელსაც ჩვენ ვაღიარებთ და ველით ჩვენი „კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის“ პარტნიორებისგან აღიარებას?“ – აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა.