ნიკოლ ფაშინიანი - ეს ხავერდოვანი რევოლუციაა, ამ ტალღის შეჩერება შეუძლებელია [ვიდეო]
ერევნის ცენტრში, ერთ-ერთ მოედანზე აქციის მონაწილეები სახელმწიფო უწყებების შენობებისკენ მსვლელობას მართავენ.
როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იტყობინება, აქციის მონაწილეებთან ერთად არის ოპოზიციონერი დეპუტატი ნიკოლ ფაშინიანი, რომელიც მათთან ერთად მოუწოდებს საზოგადოებას, მონაწილეობა მიიღოს რესპუბლიკის მოედანზე დაგეგმილ აქციაში, რომელიც საღამოს, 19:00 საათზე გაიმართება.
ამასთან, ფაშინიანი მხარდამჭერებს სახელმწიფო უწყებების ბლოკირებისკენ მოუწოდებს და ხავერდოვანი რევოლუციის დაწყების შესახებ აცხადებს.
„ხალხი არის ჩვენი იარაღი. ჩვენ ხავერდოვანი რევოლუცია გვინდა და ვფიქრობ, ხალხი გაიმარჯვებს. რაც შეეხება ჩვენი აქტივისტების დაკავებას, აკავებენ და უშვებენ. ამ ტალღის შეჩერება შეუძლებელია. ეს სახალხო მოძრაობაა. ეს ხავერდოვანი რევოლუციაა“, – განუცხადა პირველ არხს ნიკოლ ფაშინინმა.
გავრცელებული ინფორმაციით, ერევანში დღეს აქციის 70-მდე მონაწილე დააკავეს.
ერევანში აქცია დილიდან განახლდა. ოპოზიციონერი დეპუტატი ნიკოლ ფაშინიანი მომხრეებთან ერთად კომიტასის გამზირისკენ მიემართება. ფაშინიანი მომხრეებთან ერთად რამდენიმე ქუჩის გადაკეტვას გეგმავს.
უკვე რამდენიმე დღეა, ერევანში ოპოზიციონერი დეპუტატის, ნიკოლ ფაშინიანის ორგანიზებით, საპროტესტო გამოსვლები იმართება.
აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრად ყოფილი პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის არჩევას აპროტესტებენ.