ნიკოლ ფაშინიანი - აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმების პარაფირება ციდან არ ჩამოვარდნილა, ეს იყო ორმხრივი მუშაობის კულმინაცია, დონალდ ტრამპის მონაწილეობამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა
ნიკოლ ფაშინიანი - აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმების პარაფირება ციდან არ ჩამოვარდნილა, ეს იყო ორმხრივი მუშაობის კულმინაცია, დონალდ ტრამპის მონაწილეობამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა

2025 წლის 8 აგვისტოს აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმების პარაფირება უბრალოდ ციდან არ ჩამოვარდნილა, ეს იყო ორმხრივი მუშაობის კულმინაცია და აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მონაწილეობამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა, 26 მაისს კოტაიკის რეგიონის სოფელ მეღრაძორში საარჩევნო კამპანიის დროს განაცხადა.

ფაშინიანმა განმარტა, რომ ეს ერთი მიზეზით მოხდა: 2025 წლის მარტის ბოლოს სომხეთმა და აზერბაიჯანმა გამოაცხადეს სამშვიდობო შეთანხმების ტექსტზე მოლაპარაკებების დასრულების შესახებ.

„ჩვენ უკვე გვქონდა სამშვიდობო შეთანხმების შეთანხმებული ტექსტი, რომელიც ხელმოსაწერად მზად იყო. ამის შემდეგ, ჩემი პირველი სამუშაო ვიზიტი თურქეთში განვახორციელე; სტამბოლში ვიყავი და ჩვენი სტრატეგია გამოვაცხადე. ამის შემდეგ აბუ-დაბიში ორმხრივი შეხვედრა მქონდა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან“, – განაცხადა ფაშინიანმა.

​სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელმა დასძინა, რომ ქვეყანას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობები და უნარები, რათა იცხოვროს საკუთარ გარემოში გარე დახმარების გარეშე.

ნიკოლ ფაშინიანის თქმით, რამდენიმე წლის წინ სომხეთი პირდაპირ არ ურთიერთობდა არც აზერბაიჯანთან და არც თურქეთთან და როდესაც აზერბაიჯანთან კომუნიკაცია იყო საჭირო, ამას მესამე ქვეყნების მეშვეობით აკეთებდა.

„გარკვეული დროის შემდეგ ვიგრძენით, რომ რაღაც რიგზე არ იყო. შემდეგ მივხვდით, რომ არც ჩვენი შეტყობინებები აღწევდა დანიშნულებისამებრ მიმღებამდე და არც აზერბაიჯანის პასუხები. ეს ყოველთვის არ კეთდებოდა ბოროტი განზრახვით, არსებობს მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი დეტალები და სიგნალები დამახინჯებული ფორმით გადაიცემა. ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენს გარემოში დამოუკიდებლად უნდა ვიცხოვროთ და ჩვენი პრობლემები მაქსიმალურად დამოუკიდებლად მოვაგვაროთ. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ საერთაშორისო საზოგადოებისგან ვიზოლირებთ“, – აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა.