ნიკოლ ფაშინიანი არ გამორიცხავს, სომხეთი კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციიდან გავიდეს
ნიკოლ ფაშინიანი არ გამორიცხავს, სომხეთი კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციიდან გავიდეს

სომხეთის პრემიერ-მინისტრი არ გამორიცხავს, სომხეთი კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციიდან გავიდეს, – ამის შესახებ ნიკოლ ფაშინიანმა ერევანში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ეს საკითხი წამოიჭრა, რადგანაც ჩვენი აღქმა ისეთია, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია წავიდა ან მიდის სომხეთის რესპუბლიკიდან. სხვაგვარად რომ ვთქვათ, სომხეთი თუ მიიღებს დე იურე გადაწყვეტილებას ამ ორგანიზაციიდან გასვლის შესახებ, მაშინ ეს მოხდება კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სომხეთის რესპუბლიკიდან გასვლის რეგისტრაციის შედეგად. კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციიდან გასვლაზე საუბრისას, ვგულისხმობ, პირველ ყოვლისა, ამ ორგანიზაციის ვალდებულებებს. მე არ ვიტყოდი, რომ ეს საკითხი დღის წესრიგიდან მოხსნილია, რადგაც ჯერ კიდევ არსებობს კითხვები, რომლებზეც მსჯელობაა საჭირო და ეს საკითხები განიხილება. მუდმივად მიმდინარეობს საუბარი, ჩამოვა თუ არა სომხეთში მონიტორინგის ჯგუფი, რატომ არ ჩამოდის, რა არის ამის მიზეზი? მე არ გამოვრიცხავ, სომხეთის რესპუბლიკამ დე იურე მიიღოს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში წევრობის შეჩერებასა ან გაყინვაზე გადაწყვეტილება. თუ გავა, ჩვენ რა უნდა ვქნათ? სხვაგვარად რომ ვთქვათ, თუ ჩვენ დავაფიქსირებთ, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია გავიდა სომხეთის რესპუბლიკიდან და ამ ორგანიზაციის დე იურე წევრის სტატუსი ჩვენ არაფერს გვაძლევს, მხოლოდ ხელს გვიშლის სხვა ქვეყნებთან უსაფრთხოების საკითხების განხილვაში“, – განაცხადა სომხეთის პრემიერ მინისტრმა.

მისივე თქმით, სომხეთი შეძლებდა, შეესყიდა სამხედრო ტექნიკა სხვა ქვეყნებისგან, მაგრამ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრობა ამ შესაძლებელობას კეტავს.

შეგახსენებთ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა 2022 წლის ნოემბერში უარი თქვა, ხელი მოეწერა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის საბჭოს დეკლარაციასა და სომხეთისთვის ერთობლივი დახმარების გაწევის ზომების პროექტზეც. ეს გადაწყვეტილება ფაშინიანმა იმით ახსნა, რომ ორგანიზაციის მხრიდან „სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ აზერბაიჯანის აგრესიის პოლიტიკური შეფასება არ გაკეთდა“. იანვარში სომხეთმა უარი განაცხადა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წვრთნების ჩატარებაზე.