ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ სომხეთის მიერ ევროკავშირში გაწევრიანებაზე ოფიციალური განაცხადის 2027 ან 2028 წელს შეტანა რეალისტურია
სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სომხეთის მიერ ევროკავშირში გაწევრიანებაზე ოფიციალური განაცხადის 2027 ან 2028 წელს შეტანა რეალისტურია. ამის შესახებ ფაშინიანმა ბრიუსელში, „ევრონიუსის“ მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოების სამიტზე განაცხადა.
„შეიძლება, მომავალი წელი, შეიძლება, 2028 წელიც რეალისტური იყოს. ჩვენ დავიწყეთ პროცესი, რომელიც მიგვიყვანს საბოლოო გადაწყვეტილებამდე, შევიტანოთ განაცხადი ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე“, — განაცხადა ფაშინიანმა.
ფაშინიანის თქმით, ევროკავშირში გაწევრიანება სომხეთისთვის სტრატეგიული არჩევანია, რომელიც ქვეყნის დემოკრატიის დაცვას ემსახურება.
„ჩვენი ხალხისთვის დემოკრატია გარემოებებზე დამოკიდებული საკითხი არ არის. ეს სტრატეგიული არჩევანია. ევროკავშირი სომხეთის რესპუბლიკის ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი იყო დემოკრატიული რეფორმების განხორციელების პროცესში“, —განაცხადა ფაშინიანმა.
მისივე თქმით, სომხეთის ხელისუფლების მთავარი მიზანი ქვეყნისა და მისი მოქალაქეებისთვის ალტერნატიული არჩევანის შექმნაა.
„ჩვენი პირველი მიზანია, შევქმნათ ალტერნატივა სომხეთის ხალხისა და სომხეთის რესპუბლიკისთვის, რადგან, ტრადიციულად, ჩვენს საზოგადოებასა და, შესაძლოა, მეზობელ ქვეყნებშიც არსებობდა წარმოდგენა, რომ სომხეთს ალტერნატივა არ აქვს“, — აღნიშნა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.
„ევრონიუსის“ ჟურნალისტის კითხვაზე, რომელიც ეხებოდა დიმიტრი მედვედევის განცხადებას, რომ სომხეთი, შესაძლოა, „შემდეგი უკრაინა“ გახდეს, ფაშინიანმა განაცხადა, რომ მთავარი პრიორიტეტი ქვეყნის დამოუკიდებლობის დაცვა და განმტკიცებაა.
„ჩვენი მიზანია, განვამტკიცოთ და განვავითაროთ ჩვენი დამოუკიდებლობა. ეს სრულიად ლეგიტიმური მიზანია. არავის აქვს უფლება, შეზღუდოს სომხეთის სწრაფვა, გახდეს უფრო დამოუკიდებელი და უფრო მეტად ინტეგრირებული ქვეყანა“, — განაცხადა ფაშინიანმა.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ აცნობიერებს იმ წინააღმდეგობას, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებასა და რუსეთის ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში დარჩენას შორის არსებობს. მისი თქმით, საბოლოო არჩევანი სომეხმა ხალხმა უნდა გააკეთოს.