ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ სამხრეთ კავკასიაში ვითარებასთან დაკავშირებით, სომხეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის სამმხრივი ფორმატის გამოყენებას მხარს უჭერს
ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ სამხრეთ კავკასიაში ვითარებასთან დაკავშირებით, სომხეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის სამმხრივი ფორმატის გამოყენებას მხარს უჭერს

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ მხარს უჭერს სამხრეთ კავკასიაში ვითარების განსახილველად და მტრული რიტორიკის აღმოსაფხვრელად სომხეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის სამმხრივი ფორმატის გამოყენებას.

ამის შესახებ განცხადება ნიკოლ ფაშინიანმა ერევანში მიმდინარე „გენოციდის დანაშაულის საწინააღმდეგო“ გლობალურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

„არსებობს იდეა, რომ სამხრეთ კავკასიაში რაიმე ფორმატში დავიწყოთ განხილვა სომხეთს, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის. ვვარაუდობ, რომ ეს იდეა შენარჩუნებულია. ეს არ გახლავთ ახალი იდეა. ყოველთვის მხარს ვუჭერდი ამ იდეას, მაგრამ მე გამოვდიოდი ყველაზე მნიშვნელოვანი, ფუნდამენტური ფორმულის შეთავაზებით: ეს მოედანი, უპირველეს ყოვლისა, უნდა იყოს გამოყენებული მტრული რიტორიკის აღმოსაფხვრელად“, – განაცხადა ფაშინიანმა.

მისივე თქმით, ის ეთანხმება თურქეთში გაჟღერებულ განცხადებებს, რომ რეგიონის ყველა ქვეყანას, მათ შორის თურქეთს, სომხეთსა და აზერბაიჯანს ერთმანეთი სჭირდებათ უსაფრთხოების, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად.