ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ ლაჩინის დერეფნის ბლოკირების გამო მთიან ყარაბაღში 120 000 ადამიანი მძევლად გადაიქცა
ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ ლაჩინის დერეფნის ბლოკირების გამო მთიან ყარაბაღში 120 000 ადამიანი მძევლად გადაიქცა

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის თქმით, ლაჩინის დერეფნის ბლოკირების გამო მთიან ყარაბაღში 120 000 ადამიანი მძევლად გადაიქცა. როგორც ფაშინიანი ამბობს, ამ დერეფნის დახურვა 2020 წლის ნოემბერში გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევას წარმოადგენს, რადგანაც, დოკუმენტის მიხედვით, დერეფანზე კონტროლს რუსეთის მშვიდობისმყოფელები ახორციელებენ და ბაქომ მოქალაქეებისა და ტვირთის უსაფრთხოდ გადაადგილება უნდა უზრუნველყოს.

საპასუხოდ ბაქოში აცხადებენ, რომ ლაჩინის დერეფანი აზერბაიჯანელ გარემოსდამცველებს აქვთ ბლოკირებული, რომლებიც აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარე ბუნებრივი რესურსების საბადოების უკანონო ექსპლუატაციას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ ამ ქმედებებზე რუს სამხედროებს რეაგირება არ აქვთ.

საქმე ეხება კიზილბულაგის ოქროსა და დემირლის სპილენძ-მოლიბდენის საბადოებს.

აზერბაიჯანელი გარემოსდამცველები ადგილზე რუსი მშვიდობისმყოფელების მისვლას და საბადოებზე აზერბაიჯანელი ექსპერტების დაშვებას ითხოვენ.

ლაჩინის დერეფანზე გადის ერთადერთი გზა, რომელიც სომხეთს მთიან ყარაბაღთან აკავშირებს. დერეფნის ბლოკირება მეოთხე დღეა, გრძელდება.

შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვეს მოსკოვში. რუსეთის საგარეო უწყებაში განაცხადეს, რომ მოქალაქეებისთვის გადაადგილების შეზღუდვა დაუშვებელია. მოსკოვში ასევე გააპროტესტეს რუსი სამხედროების მისამართით პროვოკაციები და განაცხადეს, რომ რუსი სამშვიდობოები მანდატის ფარგლებში ეფექტურად მოქმედებენ.