ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრაზე სომხეთ-საქართველოს შორის საზღვრის დემარკაციის პროცესის გააქტიურების შესაძლებლობა განიხილეს
ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრაზე სომხეთ-საქართველოს შორის საზღვრის დემარკაციის პროცესის გააქტიურების შესაძლებლობა განიხილეს

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრაზე განიხილეს სომხეთსა და საქართველოს შორის საზღვრის დემარკაციის პროცესის გააქტიურების შესაძლებლობა.

„მოგეხსენებათ, მიმდინარე წლის 26 იანვარს თბილისში გაიმართა სომხეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობოთაშორისო კომისიის მე-13 სხდომა, რომლის დროსაც სომხეთსა და საქართველოს შორის ხელი მოეწერა ერთობლივ დეკლარაციას სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ, რომელიც ასახავს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების ამბიციურ პერსპექტივას, რომელიც მოიცავს ყველა სფეროს, შემდგომი განვითარებისთვის.

დღეს, მე და ჩემს კოლეგას გვქონდა შესაძლებლობა, განგვეხილა შესაძლო და აუცილებელი ნაბიჯები ამ ერთობლივი დეკლარაციის პრაქტიკული განხორციელებისთვის. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის უპირობო აღიარება ამ დეკლარაციის არსებითი ელემენტია. დღეს ჩვენ ასევე განვიხილეთ სომხეთსა და საქართველოს შორის საზღვრის დემარკაციის პროცესის გააქტიურების შესაძლებლობა“,- აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა.