ნიკოლ ფაშინიანი - 100 ინფიცირებულიდან 15 მოხვდება საავადმყოფოში, ხუთი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, ორი სამწუხაროდ გარდაიცვლება, თქვენ შეგიძლიათ, შეაჩეროთ სასიკვდილო სტატისტიკა
მივაღწიეთ წერტილს, როდესაც არ გვყავს პაციენტები, რომლებიც ჰოსპიტალიზაციას სახლში ელოდებიან, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაწერა.
სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, აღნიშნული გარემოების მიუხედავად, ჯანდაცვის სისტემის გაფართოების შესაძლებლობები შეუზღუდავი არ არის.
„გაასამმაგეთ, გააოთხმაგეთ, გაახუთმაგეთ სიფხიზლე. სულ მცირე, დღეს ჩვენ მივაღწიეთ წერტილს, როდესაც არ გვყავს პაციენტები, რომლებიც ჰოსპიტალიზაციას სახლში ელოდებიან. ჯანდაცვის სისტემის გაფართოების შესაძლებლობები შეუზღუდავი არ არის. 100 ახლად ინფიცირებული ადამიანიდან 15-ს აუცილებლად დასჭირდება საავადმყოფოში განთავსება, მათგან ხუთი მოხვდება ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, რომელთაგან ორი, სამწუხაროდ და ყველა მცდელობის მიუხედავად, გარდაიცვლება. თქვენ შეგიძლიათ, შეაჩეროთ ამ სასიკვდილო სტატისტიკის განვითარება ნიღბის ტარებით, სოციალური დისტანციის შენარჩუნებით და ხელების რეგულარულად დეზინფექციით“, – დაწერა ფაშინიანმა.