„ბილბაოს“ 22 წლის განაპირა ფორვარდმა, ნიკო უილიამსმა უარი უთხრა „პარი სენ-ჟერმენს“ პარიზში გადასვლის წინადადებაზე, – დაწერა ინტერნეტგამოცემა Sport.es-მა.
წყაროს ცნობით, „პარი სენ-ჟერმენში“ დარწმუნებულნი არიან, რომ ესპანელი ფეხბურთელი არ დატოვებს „ბილბაოს“ ახალ სეზონში. ამასთან, უილიამსს კვლავაც აქტიურად ეპატიჟება თავის რიგებში „ბარსელონა“. კატალონურ კლუბში მიაჩნიათ, რომ ფეხბურთელის ტრანსფერთან დაკავშირებული ისტორია ამ მომენტისთვის ჯერაც არ არის დასრულებული.
გასულ სეზონში უილიამსმა ყველა ტურნირზე 48 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 10 გოლი გაიტანა და 24 შედეგიანი გადაცემა შეასრულა. მისი კონტრაქტი „ბილბაოსთან“ 2027 წლის ზაფხულამდეა ძალაში.