ნიკი ჰეილი - ტრამპმა ახლო აღმოსავლეთში სამშვიდობო პროცესებში თავისი როლი უკვე შეასრულა
ნიკი ჰეილი - ტრამპმა ახლო აღმოსავლეთში სამშვიდობო პროცესებში თავისი როლი უკვე შეასრულა

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა გაერო-ში, ნიკი ჰეილიმ განაცხადა, რომ ტრამპის სამშვიდობო გეგმა ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ამოიწურა და მათ თავისი მნიშვნელოვანი როლი უკვე ითამაშა.

მისი თქმით, ახლა ისრაელის და პალესტინის მთავრობებს შორის შეთანხმების დროა, რომელშიც ამერიკის შეერთებული შტატები ვეღარ ჩაერევა, თუმცა მხარს დაუჭერს.

„მესმის, რომ ბოლო ერთ წელიწადში ტრამპის მიერ შეთავაზებული სამშვიდობო გეგმა შესაძლოა, რომელიმე მხარისთვის მიუღებელი იყოს, მაგრამ ორივე მხარემ უნდა გააცნობიეროს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ისრაელის და პალესტინის ინტერესებს თანაბრად ითვალისწინებს. დონალდ ტრამპმა და მისმა სპეციალურმა წარმომადგენლებმა ჯარედ კუშნერმა და ჯეისონ გრინბლატმა არსებული ვითარების გათვალისწინებით ყველა საშუალება სცადეს, სამშვიდობო პროცესი სწორი მიმართულებით წარემართათ, ახლა დროა, მოლაპარაკების მაგიდას ისრაელისა და პალესტინის წარმომადგენლები მიუსხდნენ და სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღონ”, – განაცხადა ნიკი ჰეილიმ პრესკონფერენციაზე.

ამერიკის ელჩმა გაეროში ასევე განმარტა, რომ ვაშინგტონი ყოველთვის მზად არის, ახალი გადაწყვეტილებები, რომელსაც ისრაელისა და პალესტინის წარმომადგენლები მიიღებენ, ორივე მხარესთან განიხილოს.

დონალდ ტრამპმა პირველი საერთაშორისო ტურნე 2017 წელს სწორედ ახლო აღმოსავლეთიდან დაიწყო. იგი ჯერ ისრაელის პრემიერ-მინისტრს, შემდეგ კი პალესტინის ავტონომიური მთავრობის მეთაურ მაჰმუდ აბასს შეხვდა. დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ 70-წლოვან ისრაელი-პალესტინის კონფლიქტს დაასრულებდა. თუმცა 6 დეკემბერს ვაშინგტონის მხრიდან ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის გამოცხადებამ პალესტინასა და მთელ ისლამურ სამყაროში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია.