გაეროში აშშ-ის ელჩის, ნიკი ჰეილის განცხადებით, ვაშინგტონი სირიის მეამბოხეების მიერ კონტროლირებად ქალაქზე თავდასხმის გამო ზომებს მიიღებს მიუხედავად იმისა, რას გადაწყვეტს ამის შესახებ გაერთიანებული ერების ორგანიზაცია.
ეს განცხადება ნიკი ჰეილიმ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გააკეთა, რომელიც სირიის ქალაქ დუმაში სავარაუდო ქიმიური იარაღით თავდასხმის გამო საგანგებოდ მოიწვიეს.
„ჩვენ მივედით იმ მომენტამდე, როცა მსოფლიომ უნდა დაინახოს სამართლიანობის აღსრულება“, – მიმართა ჰეილიმ უშიშროების საბჭოს.
„ისტორია ამ მომენტს დაიმახსოვრებს ან იმით, რომ გაერომ საკუთარი ვალდებულებები შეასრულა, ან იმით, რომ მან სრული კრახი განიცადა სირიელი ხალხის დაცვაში. ნებისმიერ შემთხვევაში, ამერიკის შეერთებული შტატები დუმაში მომხდარს რეაგირების გარეშე არ დატოვებს“, – განაცხადა ნიკი ჰეილიმ.