ნიკანორ მელიას, თავისივე თხოვნის საფუძველზე, პარლამენტმა სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა
პარლამენტმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკანორ მელიას სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა.
პლენარულ სხდომაზე გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა 79-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი არავინ წასულა.
კენჭისყრამდე გაიმართა პოლიტიკური დებატები, რომელსაც შვიდი ოპოზიციონერი დეპუტატი ესწრებოდა, რომელთა შორის იყვნენ დავით ბაქრაძე, ალეკო ელისაშვილი, ლევან იოსელიანი, ხათუნა სამნიძე, შალვა შავგულიძე, ბადრი ჯაფარიძე, ანა ნაცვლიშვილი. მოგვიანებით, მათმა ნაწილმა სხდომა დატოვა. სხდომაზე კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღეს „მოქალაქეებმა“ და საკითხს მხარი დაუჭირეს.
ამასთან, სხდომაზე საკითხის განხილვას და კენჭისყრის პროცედურებს არ დასწრებიან გიორგი გახარიას პოლიტიკური გუნდის წევრები. რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, ისინი საპარლამენტო ბოიკოტს აგრძელებენ.
ნიკანორ მელიამ საპარლამენტო მანდატის დატოვების თხოვნით პარლამენტს 29 ივლისს თავად მიმართა. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკანორ მელიამ მაშინ ბრიფინგი გამართა, რომელზეც განაცხადა: „პირადად მე, მთლიანად მივდივარ ოქტომბრის რეფერენდუმის ბრძოლაში და ვტოვებ იქაურობას. ეს ნიშნავს, რომ მე ვტოვებ საპარლამენტო მანდატს და თავიდან ბოლომდე ელენესთან, მეგობრებთან, ქართველ ხალხთან ერთად გადავდივარ უმნიშვნელოვანეს რეფერენდუმში მონაწილეობის მისაღებად“.
სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე ნიკანორ მელიას მიმართვა თავდაპირველად საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა განიხილა და მისთვის მანდატის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.