ნიკა რურუა - ჩვენ თაობას აქვს განსაკუთრებული მისია, ძალიან ახლოა რუბიკონი, რომელსაც გადავალთ
ნიკა რურუა - ჩვენ თაობას აქვს განსაკუთრებული მისია, ძალიან ახლოა რუბიკონი, რომელსაც გადავალთ

ჩვენ თაობას აქვს განსაკუთრებული მისია, ძალიან ახლოა რუბიკონი, რომელსაც გადავალთ, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ნიკა რურუამ პარლამენტის წინ განაცხადა.

„ეს დღეები, ყველას გვესმოდა, მთელი სამთავრობო მანქანა იმეორებდა, რომ ეს არის პოლიტიზებული აქცია და რამდენიმე პარტია თავის დღის წესრიგს ახვევს ქვეყანას. ეს იყო და ეს არის დღემდე ძალიან ვერაგული, ძალიან მდაბიური ხერხი, რითიც უნდათ, რომ ჩვენ გულებში ჩათესონ ეჭვი, უიმედობა და დაგვტოვონ სახლებში, ჩვენი ქვეყნის ბედი, ჩვენი შვილების ბედი გადაწყვიტოს აბსოლუტურად ჩვენი ქვეყნისგან გაუცხოებულმა ხალხმა, ვინც გვეუბნება, რომ თქვენ ვიღაც გიყენებთ, თქვენ ვიღაც გატყუებთ. ჩვენ თუ ამას დავიჯერებთ, სწორედაც რომ, ის ხალხი გამოგვიყენებს, სწორედაც, რომ ოლიგარქი გამოგვიყენებს დაუნდობლად, უსირცხვილოდ, სასარგებლო იდიოტებს როლში გამოგვიყენებს დაგვტოვებს სახლში და თვითონ ყოველი თქვენგანის შვილების ბედის მომავლის ხარჯზე გამდიდრდება და ამ ქვეყანას მართავს, როგორც საკუთარ კორპორაციას.

საქართველო არ არის კორპორაცია, საქართველო არ არის ფირმა, საქართველო არ არის საკუთრება, საქართველო არის ჩვენი სამშობლო, რომელსაც არავის არ დავუთმობთ არასოდეს, არანაირი მიზეზით, არანაირი შიშით. ჩვენ თაობას აქვს განსაკუთრებული მისია, ძალიან ახლოა რუბიკონი, რომელსაც ჩვენ გადავალთ, ჩვენი ქვეყანა იქნება დაცული, ჩვენი ქვეყანა იქნება თავისუფალი სამყაროს წევრი, ძალიან ახლოს ვართ ამ მიზანთან. ახლა, როგორც არასდროს, საჭიროა ერთობა სტუდენტების, დიასახლისების, ბებიების, ბაბუების, პარტიების, არასამთავრობოების, რადგან საქართველო ეკუთვნის ყველა ჩვენგანს, ის არ უნდა დავუთმოთ ოლიგარქს, არ უნდა დავუთმოთ რუსულ მოდელს, რომელიც მართავს ჩვენს ქვეყანას, ამიტომ, საქართველო იქნება თავისუფალი თქვენი და ჩვენი ერთიანი გამარჯვებით, ჩვენი გამბედაობით“, – განაცხადა რურუამ.

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე #არმომკლა კონსულტაციების გამართვის დროს, სამოქმედო გეგმებთან დაკავშირებით შეხლა-შემოხლა მოხდა. ამის შემდეგ, ზვიად კუპრავამ პარლამენტთან აქციიდან რუსთაველზე მდებარე ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ოფისში გადაინაცვლა და ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს მისვლისკენ მოუწოდა. ედპ-ს ოფისში მივიდნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“, „სახელმწიფო ხალხისათვის“, „ახალი საქართველოს“ ლიდერები, საიდანაც პარლამენტთან გადაინაცვლეს. მათ ხელისუფლების საწინააღმდეგო აქცია დააანონსეს. 3 ივნისს, 18:00 საათზე პარლამენტთან საინფორმაციო მიტინგი გაიმართება, რომელზეც ისინი სამოქმედო გეგმის შესახებ ისაუბრებენ.