ნიკა ობოლაძე - სერიოზულობის ჟანრში აღარ განიხილება, სასამართლო არის თუ არა თავისუფალი
ნიკა ობოლაძე - სერიოზულობის ჟანრში აღარ განიხილება, სასამართლო არის თუ არა თავისუფალი

გასაგებია, ეს იყო ჩვეულებრივი ფორმალობა, რომელიც უნდა გაგვევლო. მათ მიიღეს ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება კვლავ. გადაწყვეტილებას იღებენ არა სასამართლოში, არამედ „ქართული ოცნების“ ოფისში და კიდევ რომელიმე ერთ კერძო სახლში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა ობოლაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრობა“ ბრძოლას არ შეწყვეტს.

„სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა თავისუფალ გარემოში, აწონ-დაწონა სამართლებრივი საკითხები, იყო დიდი დისკუსია, სამართლებრივად განიხილეს ეს საკითხი, პოლიტიკისგან იყო დაცლილი ყველაფერი და მიიღეს ასეთი თავისუფალი გადაწყვეტილება. ეს ხუმრობით. სინამდვილეში სააპელაციო კი არა, როდესაც საქალაქო სასამართლო იღებდა ამ გადაწყვეტილებას, მაშინ როდესაც ჯერ გამოცხადებული არ იყო გადაწყვეტილება, სპეცრაზმი იყო მობილიზებული და სპეცრაზმის უფროსმა უფრო ადრე იცოდა გადაწყვეტილების შესახებ, ვიდრე თავად მოსამართლემ. აღარ არის სერიოზულობის ჟანრში იმის განხილვა, სასამართლო არის თუ არა თავისუფალი. გასაგებია, ეს იყო ჩვეულებრივი ფორმალობა, რომელიც უნდა გაგვევლო. მათ მიიღეს ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება კვლავ. გადაწყვეტილებას იღებენ არა სასამართლოში, არამედ „ქართული ოცნების“ ოფისში და კიდევ რომელიმე ერთ კერძო სახლში. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ბრძოლას შევწყვეტთ, ბრძოლას აუცილებლად გავაგრძელებთ“, – განაცხადა ობოლაძემ.

სააპელაციო სასამართლომ ნიკა მელიას ადვოკატების საჩივარი დაუშვებლად ცნო. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს სააპელაციო სასამართლოში დაუდასტურეს.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა. საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა გამოაცხადა.

შეგახსენებთ, „ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისთვის“ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 2019 წლის 27 ივნისს აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა 30 000-ლარიანი გირაო და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, გამოყენებულ იქნა ელექტრონული მონიტორინგი.

თუმცა, 2020 წლის პირველ ნოემბერს, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადების გაკეთებისას, ნიკა მელიამ ელექტრონული მონიტორინგისთვის განკუთვნილი სამაჯური მოიხსნა.

ამის შემდეგ პროკურატურამ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გამკაცრება მოითხოვა. სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს თანხა 40 000 ლარით გაიზარდა. გადახდის ვადად მელიას 50 დღე განესაზღვრა.

გირაოს პირობების შეუსრულებლობის შედეგების შესახებ გაფრთხილების მიზნით, ნიკა მელია 2021 წლის 5 თებერვალს გენერალურ პროკურატურაში დაიბარეს, თუმცა არ გამოცხადდა.

ამავე დღეს, პროკურატურამ ნიკა მელიას გირაოს პირობების შესასრულებლად დამატებითი ერთკვირიანი ვადა მისცა. მელიას გირაოს დარჩენილი თანხის გადახდის ვადა 12 თებერვალს ამოეწურა. გირაოს არ გადახდის შემდეგ, პროკურატურამ სასამართლოს ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით მიმართა.