ნიკა ობოლაძე - ოპოზიციაში საჭიროა დიდი დარესტარტება, ნიკა მელიასაც შეუძლია, თავიდან გახდეს პარტიის თავმჯდომარე და მართვის უფრო მეტი ბერკეტი ჰქონდეს, ვიდრე დღეს აქვს
ნიკა ობოლაძე - ოპოზიციაში საჭიროა დიდი დარესტარტება, ნიკა მელიასაც შეუძლია, თავიდან გახდეს პარტიის თავმჯდომარე და მართვის უფრო მეტი ბერკეტი ჰქონდეს, ვიდრე დღეს აქვს

მე არ მითქვამს, რომ საჭიროა ნიკა მელიას წასვლა, – ასე უპასუხა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა ობოლაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემის „დღის თემა“ წამყვანის შეკითხვას, რატომ უნდა წავიდეს პარტიიდან ნიკა მელია და რა პასუხისმგებლობა უნდა აიღოს თავის თავზე, როგორც მან ამის შესახებ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ წერილში დაწერა, რომ „როდესაც საჭიროა პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება და გადადგომა, ეს უნდა გააკეთო“.

„რამის თქმა თუ მინდა, პირდაპირ ვწერ. ამბავი ის არის, რომ ოპოზიცია ხელისუფლებას რა კრიტერიუმებსაც უყენებ, სულ მცირე ის კრიტერიუმები უნდა დაუყენო მათ შორის, შენს თავს. ანუ, თუ რაღაც ეტაპზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ხელისუფლებამ, პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს მათ შორის, ოპოზიციამაც წარუმატებლობაზე და ბევრ სხვადასხვა რაღაცაზე. აქ საუბარი არ არის კონკრეტულად რომელიმე სახელსა და გვარზე. პასუხისმგებლობის აღება არ ნიშნავს სადმე წასვლას. პასუხისმგებლობის აღება ნიშნავს იმის თქმას, რომ ამ ეტაპზე საჭიროა ოპოზიციაში დიდი დარესტარტება, არჩევნების ჩატარება ჯერ ოპოზიციაში და ამ არჩევნებში ყველას შეუძლია, მონაწილეობა მიიღოს. მათ შორის, ნიკა მელიასაც შეუძლია, თავიდან გახდეს თავმჯდომარე და უფრო მეტი ბერკეტი ჰქონდეს მართვის, ვიდრე დღეს აქვს“, – განაცხადა ობოლაძემ.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, უსაუბრია თუ არა მას თავისი ხედვისა და გეგმის შესახებ ნიკა მელიასთან და შეათანხმა თუ არა ეს ხედვა პარტიის თავმჯდომარესთან სოციალურ ქსელში გამოქვეყნებამდე, ნიკა ობოლაძემ განაცხადა, რომ პარტიის თავმჯდომარესთან შეთანხმებული არ ყოფილა და საჭიროდ ჩათვალა, ეს შეთავაზება საჯარო ყოფილიყო.

„მინდა, გაგიმხილოთ ერთი საიდუმლო, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ სამწუხაროდ, ძალიან იშვიათად არსებობს პოლიტიკური დისკუსიის სივრცე. მაგალითად, ჩვენი პოლიტსაბჭო არის 120-კაციანი და თითო ადამიანმა რომ ორი წუთი ამოიღოს ხმა, განხილვა უკვე რამდენი საათი გრძელდება, ხომ? რა თქმა უნდა, ეს იდეა მე მითქვამს პარტიის წევრებისთვის და ა.შ., მაგრამ ჩავთვალე საჭიროდ, რომ საჯარო იყოს ეს შეთავაზება. იმიტომ, რომ პოლიტიკა უნდა იყოს საჯარო. სხვა შემთხვევაში ვიღებთ იმას, რაც არის“, – განაცხადა ობოლაძემ.

შეკითხვაზე, როგორი იყო შიდა გამოხმაურება პარტიაში, ობოლაძემ აღნიშნა, რომ ძალიან ბევრი ადამიანი გამოეხმაურა, მათ შორის, პარტიის ლიდერები და ისინი თვლიან, რომ ეს სწორი იდეაა.

შეკითხვაზე, არის თუ არა მათ შორის ნიკა მელიაც, ნიკა ობოლაძემ განაცხადა, რომ პარტიის თავმჯდომარესთან კონტაქტი არ ჰქონია და მათ შორის ნიკა მელია არ არის.

მისი თქმით, ბრენდი „ნაციონალური მოძრაობა“, რომელმაც მართლა შექმნა დამოუკიდებელი საქართველო, დღეს არ ასხივებს იმას, რასაც უნდა ასხივებდეს.

„ნაციონალური მოძრაობა“ უნდა იყოს არა დაშლის, არამედ შექმნის პირას და თავიდან დაბადების პირას. ისტორია, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს, უნდა იყოს გამოყენებული იმისთვის, რომ საქართველოს მომავალში მიიღოს გადამწყვეტი მონაწილეობა. ამისთვის საჭიროა განახლება, დარესტარტება“, – განაცხადა ობოლაძემ.

ვინ არის მთავარი გადაწყვეტილების მიმღები პარტიაში და არის თუ არა ეს ნიკა მელია, ნიკა ობოლაძემ აღნიშნა, რომ დღეს, პარტიაში გადაწყვეტილების მიღების სისტემა გამართული არ არის.

„არ არის გამართული და ჩემთვის გასაგები არ არის, გადაწყვეტილებები რა პრინციპით მიიღება, ან არ მიიღება“, – განაცხადა ნიკა ობოლაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ასევე განაცხადა, რომ დავით კეზერაშვილთან არანაირი კონტაქტი არ ჰქონია და რადგან არ იცნობს, არ იცის, მას რა ამოძრავებს.

„მე დავით კეზერაშვილის არც საჯარო ინტერვიუები მინახავს ასე ხშირად, რომ ვიცოდე, რა ადამიანია და როგორია. ანუ, მასთან ასეთი კონტაქტიც კი არ მქონია, მაგრამ თუ ვინმე მართლა თვლის შემთხვევით, თეორიულად, რომ შეიძლება ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქია რამე სხვით ჩანაცვლდეს, ეს, რა თქმა უნდა, არ მოხდება ასე“, – განაცხადა ნიკა ობოლაძემ.

ამასთან, ნიკა ობოლაძემ განაცხადა, რომ შეუძლებელია მიხეილ სააკაშვილის თემის უკანა პლანზე გადაწევა, როდესაც ის ციხეშია.

„არის ფორსმაჟორული სიტუაცია და სააკაშვილი ციხიდან უნდა გამოვიდეს, ეს არის მთავარი ამოცანა“, – განაცხადა ნიკა ობოლაძემ.