ნიკა ობოლაძე - ხელისუფლებამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რომ მიდის მნიშვნელოვან დათმობაზე და განმუხტავს პოლიტიკურ კრიზისს ან მოხსნას მანდატები
ნიკა ობოლაძე - ხელისუფლებამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რომ მიდის მნიშვნელოვან დათმობაზე და განმუხტავს პოლიტიკურ კრიზისს ან მოხსნას მანდატები

მოლაპარაკებების წინააღმდეგი არასდროს ვიყავით, მოლაპარაკებებში აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას იმის გათვალისწინებით, რაც დღეს ქვეყანაში ხდება. ხელისუფლებამ ორჯერ აღიარა, რომ არის არალეგიტიმური, ორჯერ არ მოუხსნა დეპუტატებს მანდატები. ჩვენ ხელისუფლებისგან ვითხოვთ, აღიაროს, რომ არის არალეგიტიმური და დანიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა ობოლაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლებამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რომ ან მიდის მნიშვნელოვან დათმობაზე და განმუხტავს პოლიტიკურ კრიზისს ან უნდა მოხსნას მანდატები.

რაც შეეხება პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას, ობოლაძე აცხადებს, რომ „ეს პოზიცია არის უბრალოდ ფარსი და სიტყვებით თამაში“.

„არჩევნების ინსტიტუტი უქმდება და არჩევნები ყალბდება რამდენიმე ათეული მეთოდის ერთად გამოყენებით, აქედან უმრავლეს შემთხვევაში გაყალბების კვალი იკარგება არჩევნების დღესვე. ასევე, დანარჩენ დღეებში ხელისუფლება აქრობს დარჩენილ იმ მცირე კვალსაც. ვინმეს ძალიანაც რომ უნდოდეს დაადგინოს, რა შედეგები იქნებოდა არჩევნებში, რომ ყოფილიყო მეტ-ნაკლებად თანაბარი საარჩევნო გარემო და არ ყოფილიყო გაყალბება, ამის დადგენა არის ფიზიკურად შეუძლებელი. კობახიძის ეს განცხადება და ხელისუფლების ეს პოზიცია არის უბრალოდ ფარსი და სიტყვებით თამაში. არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ ოპოზიციის მიერ დაკომპლექტებული კომისიაც რომ იყოს, შეუძლებელია ამ კომისიამ დადოს შედეგი“, – განაცხადა ობოლაძემ.