ნიკა ობოლაძე - ჩვენი ოფისი იქნება ადამიანებით სავსე და ქართველი ხალხით სავსე ოფისში პოლიცია ვერ შემოვა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ნიკა ობოლაძე აცხადებს, რომ პარტიის ოფისი სავსე იქნება ხალხით და პოლიცია შენობაში ვერ შევა.
ნიკა ობოლაძის თქმით, ნიკა მელია არის აბსოლუტურად უდანაშაულო.
„კითხვაზე პასუხი – ხვალ რომ იგივე მოხდეს, ხვალ რომ ჩამოიყვანონ გავრილოვი, ზიუგანოვი ან ვინმე მსგავსი, ხვალ რომ ჩასვან პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ოკუპანტი ქვეყნის მსგავსი წარმომადგენელი, ჩვენ რას ვიზამთ? ეს არის მთავარი შეკითხვა ჩემთვის. ჩვენი პასუხი არის, ხვალ იგივე რომ მოხდეს, ღმერთმა ნუ ქნას, ჩვენი რეაქცია იქნება უფრო მწვავე, ვიდრე 20 ივნისს. თუ მართალი არის ნიკა მელია, მან არ უნდა გადაიხადოს გირაო და არ გადაიხდის და მას დავიცავთ ბოლომდე, რადგან ეს არ არის სამართლებრივი პროცესი, არის მთლიანად პოლიტიკური პროცესი.
თქვენ ნახეთ, რომ გუშინაც და დღესაც ბევრი ადამიანი იყო ამ ოფისში, კიდევ უფრო მეტი იქნება. ეს ოფისი იქნება ადამიანებით სავსე და ქართველი ხალხით სავსე ოფისში თუ უნდათ, რომ შემოვიდნენ პოლიციის ძალით, მათი ადგილი არ იქნება აქ. აქ ინება იმდენი ადამიანი, რომ პოლიციის ადგილი ფიზიკურად არ იქნება. თუ დააპირებენ შემოსვლას, ისინი აქ ვერ შემოვლენ“, – განაცხადა ნიკა ობოლაძემ.