ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე საპროცედურო კომიტეტი 12 დეკემბერს იმსჯელებს
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე 12 დეკემბერს იმსჯელებს. ამ საკითხის განხილვის მიზნით დღის პირველ ნახევარში კომიტეტის სხდომა გაიმართება, საკითხის წარდგენა კი მოგვიანებით, პლენარულ სხდომაზე მოხდება.
როგორც საქართველოს პირველ არხს საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გურამ მაჭარაშვილმა განუცხადა, ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი მის მიმართ გამოტანილი სასამართლოს გადაწყვეტილებაა.
„ეს არის ფორმალური ნაწილი, რადგან კონსტიტუციური ჩანაწერი უნდა შესრულდეს იმ პირის მიმართ, რომელიც სასამართლოს მიერ დამნაშავედ არის ცნობილი“, – აღნიშნავს მაჭარაშვილი.
რეგლამენტის გათვალისწინებით, ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას სულ მცირე 76 დეპუტატის მხარდაჭერა დასჭირდება.