ნიკა მელიას ადვოკატს საქმის მასალები გადაეცა
ნიკა მელიას ადვოკატს საქმის მასალები გადაეცა

გარდა იმ ვიდეო ჩანაწერისა, სადაც ნიკანორ მელია პირდაპირ მიუთითებს, რომ მშვიდობიანად, კონსტრუქციულად და ხელების აწევით საპროტესტოდ პარლამენტის ეზოში შევიდეთო, სხვა თითქოს და რევოლუციის, გადატრიალების, ან ძალადობისკენ ორგანიზების არსად არაფერი არ ჩანს, – ამის შესახებ ნიკა მელიას ადვოკატმა გიორგი კონდახაშვილმა პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ადვოკატის მტკიცებით, საქმეში მოწმის სახით წარმოდგენილ პოლიციელთა უმეტესობა ნიკა მელიას დანაშაულზე არ მიუთითებს და მხოლოდ მოვლენებს აღწერს.

ადვოკატის თქმით საქმე ნაჩქარევად არის შეგროვებული.

„დილით რომ განცხადება გავაკეთე, რომ პროკურატურა ფორსმაჟორში მუშაობს, დადასტურდა. ვინაიდან ამ საქმის 80 პროცენტი დღეს, 11:00 საათის შემდეგ არის შეგროვებული. პარლამენტში შუამდგომლობა გუშინ შევიდა და პარლამენტი დღეს ამსჯელეს და გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე მელიას დეპუტატის იმუნიტეტი მოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს. საქმის 80 პროცენტი მას შემდეგ არის გაკეთებული. მოწმეების 99 პროცენტი პოლიციის თანამშრომლები არიან. არც ერთ ვიდეო ჩანაწერში, გარდა იმ ვიდეო ჩანაწერის სადაც ნიკანორ მელია პირდაპირ მიუთითებს, რომ მშვიდობიანად, კონსტრუქციულად და ხელების აწევით საპროტესტოთ პარლამენტის ეზოში შევიდეთო, არცერთ სხვა ვიდეო ჩანაწერში განსხვავებული თითქოს და რევოლუციის, გადატრიალების, არეულობის, ძალადობისკენ ორგანიზების არსად არაფერი არ ჩანს. ეს სუფთა წყლის მანიპულაციაა სხვადასხვა პოლიტიკოსების მიერ.

მოწმეები როგორც ჩანს იმ მიზნით არიან აქციაზე მისულნი, რომ გარკვეული ფარული ვიდეოები ჩაეწერათ. ისინი ჩვენებებში აცხადებენ, რომ ნიკანორ მელია ძალიან მოზომილი იყო ვიდეოკამერებთან მაგრამ კულუარებში ამბობდა, რომ მეორე ვარდების რეზოლუცია უნდა მოვაწყოთო. აქციაზე მელიას გამოსვლა დაცვის მხარის მტკიცებულებაა.

პოლიციელების 99% ნიკანორ მელიას საერთოდ არ ახსენებს და ზოგადად ფაქტებს აღწერს.

მელიას წინააღმდეგ არის ის ექვსი გამოკითხვის ოქმი. ერთი არის გოგონა ნათია ბერიძე, რომელმაც თვითონ განცხადებით მიმართა პროკურატურას და უთხრა, რომ მივედი აქციაზე და შევესწარი, როგორ მოუწოდებდა მელია კულუარებში, რომ ვარდების რევოლუცია გავიმეოროთ. რაც კომიტეტზე ითქვა იმის გარდა საქმის მასალებში ახალი არაფერია“, – განაცხადა ადვოკატმა.

გიორგი კონდახაშვილის თქმით, სადეპუტატო მანდატის შეჩერების შემთხვევაში მას ეჭვი ეპარება, რომ ნიკა მელიას აღკვეთის ღნისძიება დღეს მოესწროს.

„როგორც იურისტი ვამბობ, მტკიცებულებები იმ მუხლის შემადგენლობის, რაც არის მასობრივი ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა, ბუნტი, გადატრიალება და რაღაც უბედურებები, არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

მე ეჭვი მეპარება, რომ მოესწროს აღკვეთის ღონისძიება დღეს. მას შემდეგ რაც პარლამენტში პროცედურა დამთავრდება და დიდი ალბათობით იმუნიტეტს მოუხსნიან. ამის შემდეგ პროკურატურამ სასამართლოს დაპატიმრების მოთხოვნით უნდა მიმართოს. სასამართლოს 24 საათიანი ვადა აქვს, რომ მასალები მიიღოს, პროცესი ჩანიშნოს და ეს საქმე განიხილოს. დიდი ალბათობით დღეს ვერ მოესწრება. ალბათ, უნდა ველოდოთ, რომ სასამართლო პროცესი ხვალ დღის მეორე ნახევარში გაიმართება“, – განაცხადა გიორგი კონდახაშვილმა.