ნიკა მელიამ ოპოზიციის ე.წ. ჩრდილოვან კოალიციურ კაბინეტთან ერთად შემაჯამებელი ღონისძიება გამართა

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარტნიორებთან ერთად წინასაარჩევნო კამპანია შეაჯამა. თბილისის მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ ოპოზიციის ე.წ. ჩრდილოვან კოალიციურ კაბინეტთან ერთად შემაჯამებელი ღონისძიება გამართა.

ნიკა მელიამ ამომრჩევლისადმი მიმართვისას აღნიშნა, რომ მათი გუნდი ხვალ „ისტორიას დაწერს“.

„რამდენიმე საათში თითოეულ ჩვენგანს, ყველას ერთად, გვეძლევა შესაძლებლობა, რომ შევცვალოთ ჩვენი ქალაქი, ჩვენი მშობლიური თბილისი, ჩვენი მშობლიური საქართველო უკეთესობისკენ. უნიკალური შესაძლებლობა გვეძლევა და შანსი, რომელსაც განგება ძალიან იშვიათად იძლევა, საერთოდ თუ იძლევა ხოლმე, შეიძლება, დაიბადო, იცხოვრო და ზეციურ საქართველოში ისე წახვიდე, ეს შანსი არ მოგეცეს, მაგრამ ჩვენ მოგვეცა. რა არის ეს შანსი – ეს არის ისტორიის დაწერა ხვალ, ჩვენ ამ ისტორიას დავწერთ. ჩვენ ვართ მართალი, როგორც არასოდეს და როგორც არასოდეს, მორალურად წელში გამართული“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

ნიკა მელიამ მიმართა მომხრეებს, არ აყვნენ პროვოკაციებს და იაქტიურონ არჩევნებზე.

„ისტორიულ უსამართლობას ხვალ ბოლო უნდა მოეღოს და ჩვენი ხვალინდელი აქტიურობით, ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ერთი კონკრეტული ადამიანის სიცოცხლე უნდა გადავარჩინოთ. ენის მოჩლექვის გარეშე ვიტყვი, ეს ხდება, არ მალავენ, ამ ნაბიჯებს დგამენ, ჩვენ უნდა გადავარჩინოთ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მკვლელობის მცდელობისგან“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

ნიკა მელიას თქმით, ხვალიდან უნდა დასრულდეს პოლიტიკური დევნისა და სამოქალაქო დაპირისპირების ეპოქა ქვეყანაში.