ნიკა მელიამ ევროკავშირის ოფისი დატოვა და განაცხადა, რომ 21:00 საათზე სპეციალურ ბრიფინგს გამართავს
ნიკა მელიამ ევროკავშირის ოფისი დატოვა და განაცხადა, რომ 21:00 საათზე სპეციალურ ბრიფინგს გამართავს

ყველამ ძალიან კარგად დაინახა, განსაკუთრებით ჩვენმა პარტნიორმა სახელმწიფოს ელჩებმა, თუ რა ხელისუფლებასთან გვაქვს საქმე, რას აწყობდნენ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ ევროკავშირის ოფისის დატოვების შემდეგ ირაკლი კობახიძესთან მომხდარ დაპირისპირებაზე საუბრისას აღნიშნა.

როგორც ნიკა მელიამ აღნიშნა, ბევრი აქვს სალაპარაკო, სათქმელი და 21:00 საათზე ბრიფინგზე ისაუბრებს.

„ყველამ ძალიან კარგად დაინახა, განსაკუთრებით ჩვენმა პარტნიორმა სახელმწიფოს ელჩებმა, თუ რა ხელისუფლებასთან გვაქვს საქმე, რას აწყობდნენ. მათი თხოვნა იყო, ჩვენ ვყოფილიყავით ფხიზლად და არ წამოვგებულიყავით პროვოკაციას, რომელსაც აქ აწყობდა რეჟიმი, რომელიც ძალადობს ადამიანებზე ყოველდღიურად, ამაზე ნათლად „ქართული ოცნებას“ რომ მოენდომებინა, საკუთარ თავს ვერ წარმოაჩენდა მთელი საერთაშორისო საზოგადოების წინაშე. ბევრი მაქვს სალაპარაკო, ბევრი მაქვს სათქმელი, 21:00 საათზე მექნება ბრიფინგი“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

ამასთან, ნიკა მელიამ დმანისის ინციდენტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დმანისის თავდასხმაში მონაწილეობდა 30-მდე ადამიანი, საიდანაც 20 ადამიანი იყო უკიდურესად აგრესიული.

„ჩვენ ახლა ვსაუბრობთ იმ ადამიანზე, ვინც უბრალოდ დანა ყელში ჩაარტყა მშვიდობიანი აქციის მონაწილეს, მაგრამ დანარჩენი 20-მდე ადამიანი დაკითხულიც კი არ არის. ფიზიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი ვინც არიან, მშვიდობიანი მოქალაქეები, ეს დანაშაული არ არის? რაც რუსთავში გაუკეთეს სამი დღის წინ ადამიანს, სახლთან რომ დახვდნენ? ვინ აკეთებს, ეს ბატონი კობახიძე ივანიშვილის კალაძის მეგობარი და თანამებრძოლი, რას აკეთებენ და როგორ აკეთებენ შუაგულ თბილისში დავინახეთ. ეს დაინახა ყველა ჩვენმა სტრატეგიული ქვეყნის ელჩმა საქართველოში და ამას ექნება შესაბამისი რეაგირება“, – განაცხადა მელიამ.

მისივე თქმით, დაპირისპირებაში შემოსულია ხელისუფლება, რომელიც ყოველდღე ძალადობს.

„თქვენც ხომ დარწმუნდით, რა არის რეჟიმი. ყველა ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს ელჩმა საქართველოში ნათლად დაინახა ის, რაზეც ჩვენ წლების განმავლობაში ვსაუბრობთ, როდესაც ისინი არ ითვალისწინებდნენ ელჩების რეკომენდაციას. ის, რაც იკადრეს დმანისში, რუსთავში არ შერჩება არც კობახიძეს, არც კალაძეს, არც ბიძინა ივანიშვილს. ღმერთმა დაგვიფარა და დღეს ეს ორი ადამიანი არის ცოცხალი. როდესაც იდენტიფიცირებულია 20 მოძალადე, ფიზიკურად გაუსწორდა მშვიდობიან ადგილობრივ მოსახლეობას და თითქოს ეს ყველაფერი არ მომხდარა, ამაზე სახელმწიფო პასუხს არ აგებს და ამის არქიტექტორი შავზე გეუბნება თეთრს, ბუნებრივია, საკადრისი პასუხი გაეცემა“, – განაცხადა მელიამ.

დღეს ევროკავშირის ოფისთან, როდესაც პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კომენტარს აკეთებდა, მასთან „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია მიიჭრა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.