ნიკა მელია - ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული, ეს დასასრული ოქტომბერში იქნება, ქართველი ერი მოიპოვებს შესაძლებლობას, არჩევნები ჩაატაროს მომდევნო წლის გაზაფხულზე
ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული, ეს დასასრული ოქტომბერში იქნება, ქართველი ერი მოიპოვებს შესაძლებლობას, არჩევნები ჩაატაროს მომდევნო წლის გაზაფხულზე, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ.
ნიკა მელიას თქმით, წელს დაგეგმილ არჩევნებში ოპოზიცია ერთიანი ძალებით აპირებს გამარჯვებას.
„ოპოზიცია აპირებს მიმდინარე წელს გამარჯვებას. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც უნდა გაკეთდეს, არის რეჟიმის დამარცხება ოქტომბერში. ვიდრე ხელთ უპყრია „ქართულ ოცნებას“ უმრავლესობა და მართვის სადავეები, იქცევა ისე, როგორც იქცევა. ამიტომ ამის უებარი გამოსავალი არის მათი დამარცხება, დამარცხება ძალთა გაერთიანებით და მე ვფიქრობ, რომ ოქტომბერში „ქართული ოცნება“ იგემებს მარცხს, ამისათვის რამდენიმე მნიშვნელოვანი კომპონენტი უნდა იყოს სისრულეში მოყვანილი.
მე ვფიქრობ, შანსი იმისა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ამჯერადაც თავი დააღწიოს ქართველი ხალხის გულწრფელ ნებას, იქნება განეიტრალებული, ვინაიდან ხალხი სხვაგვარად ფიქრობს, ვიდრე ამას ფიქრობდა „ქართული ოცნება“ წლების განმავლობაში. მაგრამ, ყველაფერს აქვს დასაწყისი და ასევე დასასრული, ეს დასასრული წელს ოქტომბერში ნამდვილად იქნება და ქართველი ერი მოიპოვებს შესაძლებლობას, არჩევნები ჩაატაროს მომდევნო წლის გაზაფხულზე, სადაც უკვე ეროვნულ დონეზე გადაირჩევა ხელისუფლება“, – განაცხადა ნიკა მელიამ, რომელიც პარტიის წარმომადგენლებთან, თინა ბოკუჩავასა და ნონა მამულაშვილთან ერთად, დღეს აშშ-ში გაემგზავრა.