ნიკა მელია - ყველა ვთანხმდებით, რომ ახალი არჩევნების ალტერნატივად ვერ გამოდგება ვერც ერთი ისეთი წინადადება, რომელიც შესაძლოა, სხვადასხვა პარტიას ჰქონდეს
ნიკა მელია - ყველა ვთანხმდებით, რომ ახალი არჩევნების ალტერნატივად ვერ გამოდგება ვერც ერთი ისეთი წინადადება, რომელიც შესაძლოა, სხვადასხვა პარტიას ჰქონდეს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია „ლელოს“ ოფისში ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრის შემდეგ მედიასთან საუბრისას აცხადებს, რომ მსგავსი შეხვედრები ყოველდღიურად ტარდება და ოპოზიციურ პარტიებში მიმდინარეობს კონსულტაციები სხვადასხვა ფორმატში და სხვადასხვა პარტიის ოფისებში.

„დღეს იყო მორიგი შეხვედრა, რომელიც უკავშირდება ამ ქვეყნის მომავალს, დემოკრატიულ განვითარებას, შექმნილ უმძიმეს პოლიტიკურ კრიზისს. ეკონომიკური და სოციალური კრიზისის შემდეგ, ეს პოლიტიკური კრიზისი შექმნა ივანიშვილის ხელისუფლებამ. ამიტომ, ბუნებრივია, პოზიციები არის და იქნება შეჯერებული ოპოზიციურ პარტიებს შორის და ამას დრო და დრო შეხვედრები სჭირდება“, – განაცხადა მელიამ.

ნიკა მელიას თქმით, ფუნდამენტური საკითხების გარშემო აზრთა სხვადასხვაობა არ არის, რაც მნიშვნელოვანია.

„ფუნდამენტური საკითხების გარშემო არანაირი აზრთა სხვადასხვაობა არ არის, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან თითოეული ოპოზიციური პარტია, იქნება ეს ის პარტია, რომელსაც ბიძინა ივანიშვილმა ჩათვალა და გადაალახინა ბარიერი, და არიან პარტიები, რომლებსაც ჩათვალა და არ გადაალახინა ბარიერი, ყველა ვართ ერთ პოზიციაზე, ეს პოზიცია არის, რომ ამ ქვეყანაში არჩევნები არ ჩატარებულა.

ყველა პარტიამ არაერთხელ განაცხადა, რომ კრიტიკას ვერ უძლებდა არჩევნები და საარჩევნო დღეს მომხდარი. გამოსავალი არის პრინციპულობა, პრინციპულობა და პრინციპულობა, რომელიც არსებობს და მნიშვნელოვანია, რომ ეს პრინციპულობა იყოს უკეთესი ხვალინდელი დღის გარშემო და არა ისე, როგორც რომელიღაც პარტიას ან ბევრ პარტიას უნდა. ჩვენ ვითხოვთ იმას, რაც დემოკრატიულ განვითარებას ხელს შეუწყობს. რაც უფრო მალე მიიღებდა სწორ გარდაწყვეტილებას (ხელისუფლება), უფრო უკეთეს მდგომარეობაში ჩადგებოდა, მაგრამ, როგორც ჩანს, საღი აზრის ფარგლებში არ არიან, ვერ აცნობიერებენ, რომ ადრე თუ გვიან, მათ მოუწევთ კომპრომისზე წამოსვლა, რადგან მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა როდესაც დარწმუნებულია, რომ არჩევნები გაყალბდა ან უბრალოდ არ ჩატარებულა, ამ რეალობას ვერ შეცვლის ბატონი კობახიძის და „ქართული ოცნების“ სხვა მოლაპარაკე თავების რიტორიკა, რომელსაც ადგილი აქვს პირველი ნოემბრიდან.

ბევრი საკითხი იყო განხილული და ბევრი საკითხი იხილება, მაგრამ ყველა ვთანხმდებით, რომ ახალი არჩევნების ალტერნატივად ვერ გამოდგება ვერც ერთი ისეთი წინადადება, რომელიც შეიძლება, სხვადასხვა პარტიას ჰქონდეს, ამას ყველა ვაცნობიერებთ. შეიძლება, ახალ არჩევნებთან ერთად დამატებითი მოთხოვნები გვქონდეს და გვაქვს კიდეც, მაგრამ ქვაკუთხედი არის ახალი არჩევნები“, – განაცხადა ნიკა მელიამ.