ნიკა მელია - ყველა ხელისუფლების დროს თბილისის მერიაში გუნდი მოდიოდა ერთპარტიულად, გარკვეული პერიოდის შემდეგ პარტიული ინტერესი ყოველთვის საზოგადო ინტერესებს პრევალირებდა
ნიკა მელია - ყველა ხელისუფლების დროს თბილისის მერიაში გუნდი მოდიოდა ერთპარტიულად, გარკვეული პერიოდის შემდეგ პარტიული ინტერესი ყოველთვის საზოგადო ინტერესებს პრევალირებდა

მსგავსი არაფერი ყოფილა არც ამ ხელისუფლების, არც წინა ხელისუფლების და არც იმის წინა ხელისუფლების პირობებში, დედაქალაქის მერიაში თუ მოდიოდა გუნდი, მოდიოდა ერთპარტიულად, გარკვეული პერიოდის შემდეგ პარტიული ინტერესი ყოველთვის საზოგადო ინტერესებს პრევალირებდა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატმა, ნიკმა მელიამ ე.წ. კოალიციური გუნდის წევრების წარდგენისას განაცხადა.

„მსგავსი არაფერი არ ყოფილა არც ამ ხელისუფლების, არც წინა ხელისუფლების და არც იმის წინა ხელისუფლების პირობებში. დედაქალაქის მერიაში თუ მოდიოდა გუნდი, მოდიოდა ერთპარტიულად, მათ შორის იყვნენ კომპეტენტურები, კვალიფიციურები, პროფესიონალები, მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ პარტიული ინტერესი ყოველთვის საზოგადო ინტერესებს პრევალირებდა, რაც პრაქტიკამ დაადასტურა. იმ გადაწყვეტილებამდე მივედით, რომ ბევრი შევიკრიბეთ და ვთქვით, ხომ არ გავაკეთოთ ის, რაც მრავალი წელია თბილისს უნდა, იმ ქალაქს, სადაც მრავალფეროვნებაა საუკუნეებია, სადაც ბევრი განსხვავებული ადამიანი ცხოვრობს და ცხოვრობდა. ვთქვით, ხომ არ ვცეთ თბილისელებს იმდენად პატივი, რომ დედაქალაქის მერიაში დაინახონ თავიანთი წარმომადგენელი და არა მხოლოდ ერთი პარტიის წარმომადგენლები, ჩვენ შევძელით ამ გადაწყვეტილებამდე მისვლა და ეს ყველაზე მეტად მახარებს“,- განაცხადა მელიამ.

ამასთან, როგორც ნიკა მელიამ აღნიშნა, თბილისის მერის არჩევნების მეორე ტურში გამარჯვების შემთხვევაში, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობას დატოვებს და პარტიის რიგით წევრად დარჩება.

„გამარჯვების შემდეგ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობას აღარ ვაპირებ. ბუნებრივია, დავრჩები პარტიის რიგით წევრად. მინდა, მთელმა თბილისმა, პარტიის წევრებმა, ამომრჩევლებმა სწორად გამიგონ. მიმაჩნია, რომ ეს ნაბიჯი გადასადგმელი მაქვს, მაგრამ ვრჩები თქვენი გუნდის წევრად. იქამდე, ვიდრე ვიქნები დედაქალაქის მერი, მე ორ თანამდებობას, ორ პოზიციას ერთდროულად ნამდვილად არ დავიკავებ“,- განაცხადა ნიკა მელიამ.