ნიკა მელია - ვულოცავ ლევან ხაბეიშვილს ამ შედეგს, ვუსურვებ მას, პარტია ემართოს ღირსებითა და სიმართლით, არავის ეჭვი არ უნდა შეეპაროს, რომ ამ ბრძოლაში ვრჩები
ნიკა მელია - ვულოცავ ლევან ხაბეიშვილს ამ შედეგს, ვუსურვებ მას, პარტია ემართოს ღირსებითა და სიმართლით, არავის ეჭვი არ უნდა შეეპაროს, რომ ამ ბრძოლაში ვრჩები

არჩევნები შედგა, ვულოცავ ლევან ხაბეიშვილს ამ შედეგს, ვუსურვებ მას, პარტია ემართოს ღირსებითა და სიმართლით, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, ნიკა მელიამ განაცხადა.

„დასრულდა არჩევნები „ნაციონალურ მოძრაობაში“, პარტიაში, რომელსაც ქვეყნის მართვის და ამავე დროს, მშვიდობიანად ხელისუფლების გადაბარების გამოცდილება აქვს. ეს ტრადიცია ამ პარტიამ შექმნა. მიმაჩნია, რომ ამ არჩევნებში, ძნელია, ვინმეს გამარჯვებული ან დამარცხებული უწოდო, გამომდინარე იქიდან, რა მდგომარეობაშიც იმყოფება ჩვენი სახელმწიფო. ქვეყანას ჰყავს პოლიტიკური პატიმრები – მიხეილ სააკაშვილი, ნიკა გვარამია, გამომდინარე იქიდან, რომ ამჟამინდელი ხელისუფლების პირობებში ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი, სამწუხაროდ, ძალიან მყარად იცვლება რუსეთის ორბიტისკენ. სწორედ ამ ფაქტორებიდან გამომდინარე, რთულია, ამ არჩევნებში ვინმეს გამარჯვებული ან დამარცხებული უწოდო.

დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს მომავალში ჩვენ ყველანი ერთად გავიმარჯვებთ – ქართული საზოგადოება, ქართული სახელმწიფო გაიმარჯვებს, მისი მომავალი იქნება ნათელი. დარწმუნებული ვარ, ამ ქვეყანაში ძალიან ბევრი ემიგრანტი დაბრუნდება და მოსახლეობის დაცლის ის ტენდენცია, რომელიც ახლა გრძელდება, შეჩერდება.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, არჩევნები შედგა. არჩევნებს ჰყავს თავისი კონკრეტული გამარჯვებული და მას ვულოცავ ამ შედეგს. ვულოცავ კონკრეტულად ლევან ხაბეიშვილს. ვუსურვებ მას ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანს, რომ პარტია ემართოს ღირსებითა და სიმართლით. მინდა, ვიმედოვნო, რომ ის ამას მოახერხებს“, – განაცხადა მელიამ.

როგორც მელიამ აღნიშნა, პარტიაში რჩება.

„ვფიქრობ, არავის ეჭვი არ უნდა შეეპაროს, რომ ამ ბრძოლაში ვრჩები. ვრჩები ბრძოლაში, რომელსაც შემოვუერთდი 2013 წლიდან. რა თქმა უნდა, ვიქნები ამ ბრძოლის ავანგარდში „ნაციონალური მოძრაობის“ იმ ათასობით უღალატო მხარდამჭერთან ერთად, რომლებიც ჩემთვის გაცილებით უფრო ძვირფასი არიან, როგორც თანამებრძოლები, გაცილებით უფრო ძვირფასი არიან, როგორც პარტიის წევრები, მხარდამჭერები, ამომრჩევლები, ვიდრე თუნდაც მეგობრები. ბევრჯერ მისაუბრია, რომ ჩემთვის ამ ბრძოლაში თანამებრძოლობა გაცილებით მაღალი, აღმატებული ხარისხის ურთიერთობაა, ვიდრე ბავშვობის მეგობრები. ამიტომ მადლობა ყველას, ვინც მიიღო ამ პროცესში მონაწილეობა, რომელმაც გამოიწვია დიდი ვნებათაღელვა. განსაკუთრებული მადლობა ყველა უღალატო ადამიანს, რომლებიც შეასრულებენ ძალიან დიდ როლს ამ ქვეყნის განვითარების პროცესში.

ამ ბრძოლაში ძალიან დიდ გუნდს გააზრებულად შემოვუერთდი 2013 წელს. ის მიზნები და ამოცანები, რომლის მიღწევა და შესრულებაც მსურდა 2013 წლიდან, ჯერ კიდევ მიუღწეველია. მიმაჩნია, რომ ქვეყანას კიდევ უფრო მეტი გამოწვევა აქვს დღეს, ვიდრე 2013 წელს. ამ რეალობაში ვრჩები ბრძოლაში, ვრჩები პარტიაში, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ჰქვია, განსაკუთრებით იქამდე, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი არის პირადი ტყვე რუსული რეჟიმისა.

ამის შემდეგ ძალიან ბევრ ადამიანთან ერთად მივიღებ გადაწყვეტილებას, რა ხარისხით უნდა ვიყო ჩართული მომავალ პარტიულ საქმიანობაში, თუმცა, ხაზს ვუსვამ, ბრძოლაში არათუ ვიქნები ჩართული, არამედ კიდევ უფრო მეტი ენერგიით, მოტივაციით ვიქნები „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ბრძოლის ავანგარდში. ამაში ეჭვი არავის შეეპაროს. ეს ასე იყო ყოველთვის, ასე არის და ასე იქნება“, – განაცხადა მელიამ.