ნიკა მელია - ვერ დავეთანხმები ბუტა რობაქიძის მშობლებს, რომლებმაც დიდი ტკივილი მიიღეს, მაგრამ არაფრად მიაჩნიათ სარალიძისა და მაჩალიკაშვილის ტრაგედია
ნიკა მელია - ვერ დავეთანხმები ბუტა რობაქიძის მშობლებს, რომლებმაც დიდი ტკივილი მიიღეს, მაგრამ არაფრად მიაჩნიათ სარალიძისა და მაჩალიკაშვილის ტრაგედია

ვერ დავეთანხმები ბუტა რობაქიძის მშობლებს, რომლებმაც დიდი ტკივილი მიიღეს, მაგრამ არაფრად მიაჩნიათ სარალიძისა და მაჩალიკაშვილის ტრაგედია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ნიკა მელიამ ბუტა რობაქიძის საქმეზე სასამართლოს მიერ დღეს გამოტანილი განაჩენის შეფასებისას განაცხადა.

„ძალიან სამწუხარო ტრაგედიაა. არ მეგულება ერთი ადამიანიც, ვინც დარჩა გულგრილი ამ ტრაგედიის მიმართ. მაგრამ ჩვენ ვნახეთ უწყვეტი კადრები, მათ შორის, რამდენიმე დღის წინ, როდესაც საპატრულო პოლიციის თანამშრომელი იარაღის ტარს ურტყამს ერთ-ერთ დაკავებულს და ამ დროს უვარდება ტყვია და ხვდება ცხონებულს, ეს კადრები ხომ არსებობს. ამიტომ, ამ პატრულის თანამშრომელმა მოიხადა სასჯელი, მაგრამ ვერ დავეთანხმები ვერანაირად ქალბატონს და ბატონს, მშობლებს, რომლებმაც ძალიან დიდი ტკივილი მიიღეს, მაგრამ ეს არიან ადამიანები, რომლებსაც არაფრად მიაჩნია ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის ტრაგედია და პირიქით, პოლიტიკურად ანგაჟირებულ ადამიანებად მოიხსენიებენ მათ. ეს ჩემთვის ყოვლად მიუღებელია. შეუძლებელია ოჯახური ტრაგედიით ივაჭრო, ეს არის შეუძლებელი და დასაგმობი. რა თქმა უნდა, ეს არის ტრაგედია, რომელიც დატრიალდა ამ ქვეყანაში ამ საქმეზე პატრულის თანამშრომელმა, რომელსაც იარაღი გაუვარდა, აგო პასუხი. დანარჩენი, ხედავთ ხომ ერთი-ერთში იმეორებს ბიძინა ივანიშვილის გზავნილს, ადამიანი, რომელიც ვაჭრობს საკუთარი ოჯახის წევრის სიცოცხლით, რომ თითქოს ერთი წლის განმავლობაში აღდგება სამართლიანობაო. ძალიან სამწუხარო და მტკივნეულია, მით უფრო, როდესაც სარალიძისა და მაჩალიკაშვილის ტრაგედიები მათთვის არის დასაცინი და არათუ სოლიდარობას უცხადებენ, დასცინიან და ნაციონალური მოძრაობის წევრებად იხსენიებენ. ეს მხარე ჩემთვის ასევე ტრაგიკულია“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

სასამართლომ ბუტა რობაქიძის საქმეზე ყოფილი მაღალჩინოსნები – დავით იაშვილი, გურამ დონაძე, ზურა მიქაძე, ირაკლი ფირცხალავა და ზაზა ბაქრაძე დამნაშავედ ცნო.

დატოვე კომენტარი