ნიკა მელია - ვაპირებ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ყოფნას და ბრძოლას, ვიდრე არსებობს პარტიის გადარჩენის, დემოკრატიული წესების დაბრუნების და არაფორმალური მმართველობის აღმოფხვრის შესაძლებლობა
ნიკა მელია - ვაპირებ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ყოფნას და ბრძოლას, ვიდრე არსებობს პარტიის გადარჩენის, დემოკრატიული წესების დაბრუნების და არაფორმალური მმართველობის აღმოფხვრის შესაძლებლობა

გზა, რომელიც მე ავირჩიე, არის მართალი გზა და აუცილებლად დასრულდება გამარჯვებით, მგონია, რომ ვარ საქართველოს ასიათასობით მოქალაქის თანამოაზრე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

როგორც ნიკა მელიამ აღნიშნა, პარტიის თავმჯდომარის არჩევნებიდან ხუთ დღეში ლევან ხაბეიშვილს გააკეთებინეს ის, რომ ყრილობაზე, პრაქტიკულად, პარტიის წევრების ნახევარს დაუკეტა კარი, რამაც გააღრმავა პრობლემა.

„ძალიან ბევრი ადამიანი, მათ შორის მე, ბუნებრივია, ვიბრძოლებთ ამ პროცესში, ვიდრე არის შანსი ამ პარტიაში დემოკრატიული წესების დაბრუნების და არაფორმალური მმართველობის აღმოფხვრის. უდიდესი მორალური კონტრასტი უნდა არსებობდეს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის და კონტრასტული სხვაობით დამარცხდება მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი. არ მჯერა, რომ ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც დაამყარა ქვეყანაში ავტოკრატიული რეჟიმი, რომელმაც უღალატა ეროვნულ ინტერესებს, მიიტაცა ძალაუფლება, შესაძლებელია დაამარცხო მაშინ, როდესაც შენ იმართები არაფორმალურად და ეს არაფორმალური მმართველები თანაც წარმოადგენენ ისეთ რეპუტაციაშერყეულ ადამიანებს, როგორებიც არიან, მაგალითად, ვანო მერაბიშვილი და დათო კეზერაშვილი.

ეს არის არა შიდაპარტიული პრობლემა, არამედ, ვფიქრობ, ეს არის ღირებულებითი დაპირისპირება და ამ ღირებულებით დაპირისპირებაში გამარჯვების შემდეგ, ვფიქრობ, ოპოზიციური მოძრაობა, როგორც არასოდეს, ისე გაძლიერდება.

ვფიქრობ, რომ ჩემ მიერ არჩეული გზა არის მართალი გზა და აუცილებლად დასრულდება გამარჯვებით. ვფიქრობ, ვარ საქართველოს ასიათასობით მოქალაქის თანამოაზრე. ოპოზიციური პარტიები და, ზოგადად, პარტიები იქმნება ხალხიდან წამოსული მოთხოვნით. ჩემთვის პარტიული თანამდებობა და პოლიტიკური ლიდერობა აბსოლუტურად განსხვავებული ცნებებია. პარტიული თანამდებობა არ ნიშნავს, იყო პოლიტიკური ლიდერი. ჩემთვის მნიშვნელოვანია, საზოგადოების მაჯისცემას ვგრძნობდე.

მე ვუსურვე ლევან ხაბეიშვილს, სიმართლითა და ღირსებით ემართა პარტია. მე მხოლოდ და მხოლოდ გამიხარდებოდა, რომ მას ეს ყველაფერი განეხორციელებინა, მაგრამ ეს მისი არჩევანია“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

მისივე თქმით, ვიდრე არსებობს შანსი ვითარების გამოსწორების და არაფორმალური მმართველობის აღმოფხვრის, დემოკრატიული წესით პარტიის მართვისა, უნდა იბრძოლო.

„ოლიგარქი ივანიშვილი უნდა დამარცხდეს და აუცილებლად დამარცხდება. ეს არ უნდა ნიშნავდეს, რომ მომავალში მეორე ან მესამე ოლიგარქი შესაძლებელია გაჩნდეს. ამიტომ ბევრი გამოწვევა არსებობს დღეს საზოგადოების წინაშე და ოპოზიციის წინაშეც მათ შორის. ჯერჯერობით ჩემი განაცხადი არის – ვარ იქ, სადაც მიმაჩნია, რომ უნდა ბოლომდე ეცადო ვითარების გამოსწორება, თუ დარწმუნდი, რომ საზოგადოებაში არის სხვა დაკვეთა, ამ დაკვეთას უნდა უპასუხო.

დღეს, სამწუხაროდ, პრობლემა „ნაციონალურ მოძრაობაში“ არის ძალიან ღრმა. პარტია ორად არის გაყოფილი. პარტია არ არის მხოლოდ პარტიის აქტიური წევრები. ამ დონეზეც კი არის გათიშულობა და გახლეჩილობა. პარტია, პირველ რიგში, არის ასევე ამომრჩევლები. შეინიშნება, რომ ამომრჩეველი, უკეთეს შემთხვევაში, არის დაბნეული და, უარეს შემთხვევაში, უბრალოდ, გაყოფილი. რამ გამოიწვია ეს ყველაფერი? გამოიწვია არა თავმჯდომარის არჩევნებში მარცხმა, არამედ იმ ფორმით არჩევნების ჩატარებამ, რაც საზოგადოებამ იხილა“, – აღნიშნა ნიკა მელიამ.

მისივე თქმით, ნახევარი პარტია, უბრალოდ ზურგშექცეულია ახალი მენეჯმენტის მხრიდან და ეს პრობლემები არათუ არ მოგვარდა, პირიქით, გაღრმავდა.

„როცა ვიცი, რომ პარტია იმართება ჩრდილიდან კეზერაშვილისა და მერაბიშვილის მიერ, ეს, უბრალოდ, აყენებს „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველთა უდიდეს ნაწილს იმ მდგომარეობაში, სადაც მათ არჩევანი, უბრალოდ, ეკარგებათ. მე მანამ ვაპირებ ამ პარტიაში ყოფნას, სანამ არსებობს პარტიის გადარჩენის შესაძლებლობა. ერთხელ მე კოლეგებთან ერთად, თანამოაზრეებთან ერთად, წლების წინ, მჯერა, რომ ეს პარტია გადავარჩინე. ახლაც ვცდილობ ამ პარტიის გადარჩენას“, – განაცხადა ნიკა მელიამ.