„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია და პარტიის წარმომადგენლები, თინა ბოკუჩავა და ნონა მამულაშვილი აშშ-ში გაემგზავრნენ.
როგორც აეროპორტში ნიკა მელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, პარტიის წარმომადგენლებს ათი დღის განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლო შეხვედრები აქვთ დაგეგმილი ვაშინგტონში.
„ვაშინგტონში შეხვედრები გაიმართება ყველა დონეზე, იქნება ეს კონგრესი, სენატი, უშიშროების საბჭო თუ სახელმწიფო დეპარტამენტი. ამის გარდა, იქნება ძალიან ბევრი შეხვედრა ყველა იმ ადამიანთან თუ ორგანიზაციასთან, რომლებიც აქტიურ მონაწილეობას იღებენ ამერიკის, როგორც ეკონომიკური, ასევე საგარეო პოლიტიკის ფორმირების პროცესში; ადამიანებთან, რომლებიც გავლენას ახდენენ სხვადასხვა პოლიტიკის ჩამოყალიბების მიმართულებით. განსაკუთრებით იმ ადამიანებთან, ვინც ძალიან ახლოს არის დაკავშირებული თავიანთი საქმიანობით საქართველოსთან, ჩვენს რეგიონთან. უკანასკნელი წლების განმავლობაში „ნაციონალურ მოძრაობას“ არ ჰქონია ვაშინგტონში ვიზიტი. აქედან გამომდინარეც, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ჩემთვის, როგორც არჩეული პარტიის თავმჯდომარისთვის არის ამ რანგის პირველი შეხვედრა. მინდა, მათ იცოდნენ ჩვენი, „ნაციონალური მოძრაობის“ ხედვის თაობაზე, ჩვენი გეგმების თაობაზე და რაზეც მეტად უნდა ვისაუბრო, ვიდრე საკუთარი პარტია, არის ამ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა, უსაფრთხოება, ასევე რეგიონში შექმნილი უმძიმესი ვითარება და კიდევ უფრო გაღრმავდეს სახელმწიფოებს შორის ურთიერთობა. დარწმუნებული ვარ, ეს ვიზიტი ამ ყველაფერს ხელს შეუწყობს, როგორც არასოდეს.
აქედან გამომდინარე, ვარ ძალიან მაღალი მოლოდინით და ვფიქრობ, ეს ათდღიანი, საკმაოდ დატვირთული ვიზიტი ვაშინგტონში არ ჩაივლის უკვალოდ, ეს კვალი უახლოეს მომავალში დაეტყობა ჩვენი ქვეყნის უკეთეს განვითარებას, კარს მომდგარ არჩევნებზეც იქნება საუბარი და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა, მთელმა საერთაშორისო თანამეგობრობამ, როგორც არასოდეს, მაღალი ხარისხის ყურადღება მიაპყროს ოქტომბრის არჩევნებს“, – განაცხადა ნიკა მელიამ.